(032) 2 293 249‬

EU-supported Media Tour in Keda

აჭარის მთებში ჩაკარგული სოფლები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. გაბუღული, ხმაურიანი და ქაოსით სავსე თანამედორვე ქალაქიდან აქ ამოსული თავს ისე გრძნობ გეგონება სამოთხის ბაღში ამოგეყოს თავი.

„საოჯახო სასტუმროს გახსნის იდეა პირველად 2006 წელს მომივიდა თავში“, ამბობს ზებურ ბოლქვაძე. თავიდან აზრების გამხელის ეშინოდა, ეგონა, დასცინებდნენ. ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო და ოჯახს გაანდო ჩანაფიქრი. მისი შიშები გამართლდა და ძმამ დასცინა – აქ დასასვენებლად ვინ ჩამოვაო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მრავალი წინააღდეგობისა და სირთულის მიუხედავად ზებურ ბოლქვაძემ მაინც მოახერხა ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში პირველი საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ გახსნა. ახლა უკვე სიამაყით იხსენებს 90-იანი წლების ამბებს და სავახშმო მაგიდასთან შეკრებილ სტუმრებს არ აწყენს.
სასტუმრო „ზებოში“ რამდენიმე დღე გავატარეთ CENN-ის მიერ გამართული მედიატურის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშესაწყობად მრავალწლიან პროექტს იწყებს.

ზებურ ბოლქვაძე სავახშმო მაგიდასთან შეკრებილ სტუმრებს არ აწყენს – სიამაყით იხსენებს 90-იანი წლების ამბებს და ქედის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში პირველი საოჯახო სასტუმრო „ზებოს“ შექმნის ისტორიას.

დღეს „ზებო“ უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: „რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე“, ამბობს ზებური. მას ხანგრძლივი, დაუღალავი შრომა მოუწია ამ ყველაფრის შესაქმნდელად. პატარა ოჯახურ სასტუმროს იგი ცოლთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად უძღვება.
თუმცა, ის ერთადერთი არაა, ვინც მუხლჩაუხრელად შრომობს. ქედაში უკვე ბევრი ოჯახია შეჭიდებული მცირე საოჯახო ბიზნესს ამა თუ იმ მიმართულებით – მაღალმთიანი აჭარა ხომ უამრავ შესაძლებლობას იძლევა და თუკი ადრე იქაურები მხოლოდ ოჯახისთვის სამყოფ სარჩო-საბადებელს გამოიმუშვებდნენ, დღეს უკვე საკუთარი საქმიანობის გაფართოებას და ამ გზით შემოსავლის მიღებას ცდილობენ.
„ფუტკრები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ადრე, ახალგაზრდობაში, მორში მყავდა, ახლა ყუთებში გადმოვიყვანე“, ამბობს მეფუტკრე რეზო თურმანიძე და გვიყვება, როგორ უვლიდა მორში მოთავსებულ ფუტკრებს. „მორიდან მხოლოდ თაფლის მოპოვება შეიძლება, ვერც ტკიპებზე შეამოწმებ ფუტკარს და ვერც სხვა პროცესებს დააკვირდები“. რეზო თურმანიძე სკებიდან, თაფლის გარდა, ე.წ. „ფუტკრის რძესაც“ მოიპოვებს, რომელიც მედიცინაში გამოიყენება და საკმაოდ ძვირად იყიდება. „შრომატევადი პროცესია, სკაში ეგრეთ წოდებული „სადედეების“ ჩადგმის შემდეგ რძის აღება ოთხ დღეში ხდება“, გვეუბნება რეზო და ამატებს: „როდესაც სკას რძეზე ამუშავებ, მიღებული თაფლის რაოდენობა საგრძნობლად მატულობს, რადგან მატულობს სკაში მუშა ფუტკრების რაოდენობა“. მის მეფუტრკრეობას დღეს ბევრი ტურისტიც სტუმრობს, რადგან მასთან ცოცხალი პროცესის ნახვაც შეიძება, რომელიც ძალიან საინტერესოა. ჩვენც გვიჩვენებს, თუ როგორ მოიპოვებს სკიდან თაფლს, ფიჭასა და ფუტკრის რძეს. ამ პროცესში ფუტკარმა არაერთხელ უკბინა. „რას იზამ, მწარეა, მაგრამ ეჩვევი“, ამბობს იგი. რეზო თურმანიძე ამ პროდუქტის გატანას საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს და საამისოდ დაუღალავად შრომობს. წამოსვლისას მეფუტკრემ რამდენიმე ქილა თაფლით დაგვასაჩუქრა, თანაც ბოდიში მოგვიხადა, მეტი თაფლი არ მაქვს ჩამოსხმული და ყველას ვერ გაჩუქებთ თითო ქილასო.

მეფუტკრე რეზო თურმანიძე სკებიდან, თაფლის გარდა, ე.წ. „ფუტკრის რძესაც“ მოიპოვებს, რომელიც მედიცინაში გამოიყენება და საკმაოდ ძვირად იყიდება.

შთაბეჭდილებებით დატვირთულებმა შერვაშიძეების მეღვინეობაში გადავინაცვლეთ და ადგილობრივი ღვინოც გავსინჯეთ. ნოდარ შერვაშიძემ ვენახი დაგვათვალიერებინა. ვენახის თავზე გაკიდებული ეგრეთ წოდებული „ზიპ-ლაინიც“ კი გამოვცადეთ. „მიწა დიდი მაქვს, მაგრამ ვენახი მხოლოდ 2 ჰექტარზე გავაშენე. მეტს ვერ მოვუვლი. ძირითადად სამი სახეობის ყურძენი მომყავს, მაგრამ საკოლექციოდ 22-23 ჯიში მაქვს დარგული“, ამბობს იგი. „ეს ვენახი, თავის დროზე მთავრობის ‘საჩუქარი’ იყო, უფასოდ მომცეს ნერგები. ყოველთვის ბევრი სტუმარი მყავდა, უყვართ ტურისტებს სხვადასხვაგვარი ღვინის გასინჯვა“, მოაყოლებს იგი და იღიმის. საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ან ვენახის გაფართოებას არ გეგმავს. „იმოდენა ვენახი მაქვს, რამდენსაც გავწვდები. გაყიდვით კი, აქ უკეთ ყიდულობენ ტურისტები, სანამ საერთაშორისო ბაზარზე გავა“. მისი თქმით, მსგავს საქმიანობაში მნიშვნელოვანია ფასების შენარჩუნება. „ძალიან რომ გავზარდო ფასი, ჩემთან აღარავინ მოვა“, ამბობს იგი.

„მიწა დიდი მაქვს, მაგრამ ვენახი მხოლოდ 2 ჰექტარზე გავაშენე. მეტს ვერ მოვუვლი. ძირითადად სამი სახეობის ყურძენი მომყავს, მაგრამ საკოლექციოდ 22-23 ჯიში მაქვს დარგული“, ამბობს მეღვინე ნოდარ შერვაშიძე.

სოფელ ზვარეში ნური ბერიძის საკალმახეც საინტერესო სანახაობაა. „ამერიკულ ცისარტყელა-კალმახს ვაშენებ“, – ამბობს იგი: – ადგილობრივი კალმახის მოშენება რთულია, ვერ იტანს ტყვეობას. აი, ამ ავზში 50 000-მდე ლიფსიტააო, ამბობს და წყალში საჭმელს ყრის. იქიდანაც მყისვე ამოყოფენ თავებს ლიფსიტები და იწყება საკვებისთვის ბრძოლა. „სუფთა კალმახი მყავს, მხოლოდ ევროპიდან შემოტანილ საკვებს ვაჭმევ და წყალიც, როგორც ხედავთ, სულ წკრიალაა“, გვეუბნება ნური და გვიჩვენებს არხებს, რომლებითაც წყალი ავზში ჩადის, შემდეგ კი უკან გამოედინება. სხვადასხვა ზომის თევზს განსხვავებული სახის საკვებს აძლევენ. „ლიფსიტების საყიდლად ხშირად ჩამოდიან გორიდან“. მისი თქმით, ქვირითს გორის წყალი „არ უყვარს“, რის გამოც იქ ქვირითის მხოლოდ 40-50% პროცენტი გადარჩება მაშინ, როდესაც აქ წარმატების მაჩვენებელი 90%-ია. ქვირითს სპეციალურ შენობაში ხდიან და შემდეგ გადმოჰყავთ ავზებში. „წყლის დაბინძურების გამო პრობლემები შეგვექმნა: გაჩნდა დაავადება, რომლის წამალიც არ არსებობს“, ამატებს იგი. ამის გამო წყლის გამოცვლა და ახალი თევზის მოყვანა ურჩიეს. კალმახი გასაყიდად, ძირითადად, ბათუმის თევზის ბაზარზე გააქვთ. თევზის ბაზარი თავად უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

„სუფთა კალმახი მყავს, მხოლოდ ევროპიდან შემოტანილ საკვებს ვაჭმევ და წყალიც, როგორც ხედავთ, სულ წკრიალაა“, გვეუბნება სოფელი ცხმორისის მკვიდრი, საკალმახის მეპატრონე ნური ბერიძე.

ნური ბერიძემ სოფელ ცხმორისში მდებარე მოქმედი ჯამე გვიჩვენა: „მეჩეთი ჩვენით გავარემონტეთ. წესით უფლება არ გვქონდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ დასანგრევად შეგვეცოდა“, ამბობს იგი. „ჩუქურთმები ძველია, უბრალოდ ხელი შევავლეთ და გადავღებეთ“. სოფელში არ ჰყავთ მუდმივი მოლა, ხან ვინ ამოდის პარასკევის ლოცვის წასაკითხად და – ხანაც ვინ. „იშვიათად თუ ადის მოლა კოშკზე, რომ ხალხს ლოცვისკენ მოუწოდოს.“

„მეჩეთი ჩვენით გავარემონტეთ. წესით უფლება არ გვქონდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ დასანგრევად შეგვეცოდა“, გვეუბნება ნური ბერიძე.

 

თავიდან ნუგზარ ხალვაშსაც დასცინოდნენ მეგობრები, როდესაც მოცვის პლანტაციის გაშენება დააპირა, დღეს კი, ყველა რჩევას ეკითხება.

მოცვის პლანტაციის მეპატრონე ნუგზარ ხალვაში გვიყვება, როგორ დასცინოდნენ მეგობრები, როდესაც მოცვის მოშენება დაიწყო: „თავიდან დამცინეს, ახლა კი ყველა მეკითხება, საიდან ჩამომაქვს ნერგები და როგორ ვახარებ მათ“. საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მისი მოსავალი ძალიან მცირეა. „ამ საქმის კეთება სულ ერთი წელია დავიწყე. შარშანდელთან შედარებით წელს მოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. შარშან 120 კგ მოცვი ავიღე, წელს კი 300 კგ უნდა გამოვიდეს. მოსავალი ყოველწლიურად გაიზრდება“.

საოჯახო სასტუმრო „მოყვარეს“ ახლად აშენებულ სასადილოში მასპინძლები აჭარულ სიმღერებს მღერიან, ჩამავალი მზე კი ყველაფერს კიდევ უფრო ჯადოსნურსა და არამქვეყნიურს ხდის.

ბოლოს სოფელ მერისში ვეწვიეთ ოჯახს, რომელშიც ძველ, „მკვდარ“ სიმღერებს მღერიან. მთის უკან ჩამავალი მზის ფონზე ვახშმისას მხოლოდ ერთ რამეზე მეფიქრებოდა: რამდენი ასეთი სოფელია – მთაში ჩაკარგული, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის და რამდენი მოსახლეა ამ სოფლებში, რომლებსაც ამ ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ – მათ მხოლოდ შანსი სჭირდებათ…