(032) 2 22 04 26

ევროკავშირის ბენეფიციარი საქართველოში პირველად ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს ატარებს

ევროკავშირის ბენეფიციარი საქართველოში პირველად ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს ატარებს

23 მაისს, პირველად საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევში სტარტი აიღო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატმა. სპორტული ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციისა და ENPARD-ის ბენეფიციარის, რაფტინგ კლუბ „ჯომარდია“-ს მიერაა ორგანიზებული. ჩემპიონატში რაფტინგის თერთმეტამდე ეროვნული გუნდი, მათ შორის საქართველოც იღებს მონაწილეობას. ღონისძიებას მხარს უჭერს რაფტინგის საერთაშორისო ფედერაცია.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა ბორჯომის ცენტრში შედგა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, აკაკი მაჩუტაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ყიფიანმა.
“ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ჯომარდობის ევროპულ ჩემპიონატს საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ასეთი მასშტაბური ღონისძიებები აძლიერებს ჩვენს რაფტინგ კლუბს, და მასთან, ზრდის და ავითარებს ქვეყანაში ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს. აქვე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და მის ENPARD-ის პროგრამას, რომლის დახმარებითაც „ჯომარდია“-მ განვითარება და კლუბის შესაძლებლობების გაფართოება შეძლო.” – აღნიშნა დავით ქაცარავამ, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა.
სოფლის განვითარების ინიციატივას, რაფტინგ კლუბი „ჯომარდია“ დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ ბორჯომში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებისთვის. ევროკავშირის დაფინანსებით „ჯომარდიამ“ შეიძინა საჯომარდოები, კაიაკები, სლალომის ნავები, ველოსიპედები, სპეციალური აღჭურვილობა, ასევე, მდინარეზე გააკეთა ზიპ-ხაზი, ჯამში 400 მეტრამდე. შედეგად, გაუმჯობესდა საჯომარდო მომსახურება და გაორმაგდა კლუბის დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა. წელიწადში „ჯომარდია“-ს სპორტულ-გასართობი მომსახურებით 2000-ზე მეტი ტურისტი სარგებლობს.
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე სოფლის განვითარების 85 ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის 28 ბორჯომის მუნიციპალიტეტში. შედეგად, დასაქმდა სოფლად მცხოვრები 1,000-ზე მეტი ოჯახი, ხოლო საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა 54,000-ზე მეტ სოფლის მოსახლეს.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებას და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.enpard.ge