(032) 2 22 04 26

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა. პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ჩეხეთს რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ეკონომიკის დივერსიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. პროექტი ითვალისწინებს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალური თანამონაწილეობას სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში.
ხულოს მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ მესხიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარაციომ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის CCRG-ის მისიის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მესხრიკაძემ, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის HMRR-ის წარმომადგენელმა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები,  საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ხულოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა ალვარო ორტეგა აპარაციომ ისაუბრა საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის ძირითად პრინციპებზე და სოფლის განვითარებისათვის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე. „ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს პროექტი, სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, ე.წ. LEADER მიდგომის დანერგვით, შექმნის ახალ სოციო-ეკონომიკურ შესაძლებლობებს ხულოს მუნიციპალიტეტში.“ – განაცხადა ბატონმა ორტეგამ.   
პროექტის მენეჯერმა გიორგი მურვანიძემ ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ხულოს რაიონში, მან ასევე ისაუბრა პროექტის მიზნებზე, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ  ხულოს, ქედის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.
სოფლის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. რეგიონებში, უმუშევრობის შემცირებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია  ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან უნდა შემცირდეს.
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.  2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD- ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge  
 საკონტაქტო პირები:
  • გიორგი მურვანიძე, ENPARD ხულო პროექტის მენეჯერი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), 599 53 75 39, murvanidze@caritas.cz
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ხელმძღვანელი, 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com