(032) 2 22 04 26

ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების ორწლიანი შედგები წარმოადგინეს

ევროკავშირის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტების ორწლიანი შედგები წარმოადგინეს

2017 წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მესამე საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“, „მერსი ქორი“ და „ფიფლ ინ ნიდ“ – ლაგოდეხის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტების ორწლიანი შედეგები შეაჯამეს და საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის, განხორციელების პროცესთან დაკავშირებით სამომავლო ხედვები წარმოდგინეს.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ გახსნეს. ღონისძიებაში ENPARD-ის პარტნიორმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლებმა, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა და პროექტების ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში, პირველ ეტაპზე, სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშრმა სულ 3 მილიონი ევრო გამოყო. პროექტების ფარგლებში, ლაგოდეხის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ აქტიური საინფორმაციო კამპანია განხორციელდა, თითოეულ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ჩამოყალიბდა  და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა. მომდევნო ეტაპზე, სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, პარტნიორების მიერ საგრანტო კონკურსები გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრა 120-ზე მეტ ინიციატივას დაუმტკიცდა. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის და სხვა არა სასოფლო-სამეურნეო, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, განათლების, სპორტისა და კულტურის სექტორები.
დღეისთვის, პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 54,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
აღნიშნული საპილოტე პროექტების წარმატებით განხორციელების პარალელურად, ევროკავშირის სოფლის განვითარების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა. 2016 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, არსებული სამი პროექტის განხორციელება გაგრძელდა, და მასთან, სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი (დედოფლისწყაროს, ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში) დაიწყო. 2017 წელს კი, დამატებით ორი ახალი პროექტი აჭარაში, კერძოდ კი ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდა. ამჟამად, საქართველოში, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების რვა პროექტი ხორციელდება. ამას გარდა, 2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო, რითაც სოფლის განვითარების ევროპული მოდელის საქართველოში დანერგვა სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგშიც დადგა.
კონფერენციის დასასრულს, ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) მხარდამჭერ კომუნიკეს ხელს მოაწერეს. ასოციაცია გააერთიანებს საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს და აქტიურად ითანამშრომლებს ევროპის LAG-ების ასოციაციასთან საქართველოში სოფლის განვითარების ერთობლივი ინიციატივების გასახორციელებლად.