(032) 2 22 04 26

ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა საქართველოში ENPARD I ფარგლებში

ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა საქართველოში ENPARD I ფარგლებში

იხილეთ ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფის მიერ მომზადებული პუბლიკაცია საქართველოში ENPARD-ის I ფაზის ფარგლებში ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის შესახებ. პუბლიკაცია დეტალურად მიმოიხილავს საქართველოში ENPARD-ის I ფაზის (2013-2017) საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში არსებულ მიღწევებს.
საბიუჯეტო მხარდაჭერა წარმოადგენს ENPARD-ის უმსხვილეს ფინანსურ კომპონენტს. ENPARD-ის I ფაზის ფარგლებში, 2013 2017 წლებში, საქართველოს მთავრობის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა შეადგენს 24.5 მილიონ ევროს (≈ 62 მილიონი ლარი), რაც პროგრამის პირველი ფაზის სრული ბიუჯეტის, 52 მილიონი ევროს (≈ 132 მილიონი ლარი) თითქმის ნახევარია. ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში, 2016-2020 წლებში, საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის წილი კიდევ უფრო დიდია და შეადგენს 27 მილიონ ევროს (≈ 69 მილიონი ლარი). პროგრამის მეორე ფაზის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა (≈ 127 მილიონი ლარი).
საბიუჯეტო მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის დახმარების ძირითად ფორმას წარმოადგენს. იგი დამოკიდებულია პოლიტიკურ დიალოგზე, პარტნიორობასა და ორმხრივ პასუხისმგებლობაზე ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
საბიუჯეტო მხარდაჭერის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება პარტნიორი ქვეყნის ბიუჯეტში პირდაპირ ირიცხება, შემდგომ კი მისი განკარგვა ეროვნულ დონეზე ხორციელდება. დახმარება ტრანშების სახით დეპონირდება პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ხაზინაში. იგი წარმოადგენს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნას შორის შეთანხმებული ზოგადი და განსაკუთრებული პირობების განხორციელების საგანს.
საბიუჯეტო დახმარების მექანიზმით ევროკავშირი აძლიერებს პოლიტიკურ დიალოგს პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების ძირითად საკითხებზე და ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების მიერ პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელებას.