ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის ოთხწლიან მხარდაჭერას აფასებენ

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის სფეროში ევროკავშირის ოთხწლიან მხარდაჭერას აფასებენ

ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.
13 დეკემბერი 2017, თბილისი – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეაჯამეს. სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო.   
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე განაცხადა: „მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმ უმნიშვნელოვანესი დახმარებისათვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით ევროკავშირის დახმარება, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც ნდობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ამავე დროს დასტურს, რომ რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, სწორი მიმართულებით ვითარდება. ENPARD-ის III ფაზით გამოყოფილი 77.5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ.“
კონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა: “ENPARD-ი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა საქართველოში, რომელიც პასუხობს ჩვენს მიზანს გავაუმჯობესოთ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე. მე ვამაყობ, რომ პროგრამის არსებობიდან ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობასთან და მრავალ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით პროდუქციის ახალი მოდელები და განვავითარეთ თანამედროვე სერვისები. ჩვენი გათვლებით, საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მესამედმა უკვე ისარგებლა ENPARD-ის მხარდაჭერით. საქართველოს მთავრობასთან ერთად, 2018 წლიდან ჩვენ ვიწყებთ პროგრამის მესამე, ახალ ფაზას, რითაც კიდევ უფრო მეტს შევმატებთ უკვე არსებულ მიღწევებს და უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.”
ოფიციალური გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სესიით, რომელშიც ევროკავშირის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა დამსწრეებს თავიანთი გამოცდილება და წარმატების ისტორია გაუზიარეს, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, ENPARD-ის შემფასებელი მისიის ექსპერტებმა პროგრამის პირველი ფაზის სხვადასხვა კომპონენტის შედეგები წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ENPARD-ის კოოპერატივების პროდუქციის დეგუსტაცია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ინიციატივების ფოტო-გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამის შედეგებს ადგილზე გაცნობოდნენ.
ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, ENPARD-ის განმახორციელებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ENPARD-ის პირველი ფაზის შესახებ
ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 52 მილიონი ევროს (150 მილიონი ლარის) ბიუჯეტით მიმდინარეობდა. პროგრამა სამ ძირითად მიზანს ეფუძნება: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სექტორში ჩართული სხვა ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთესი კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს; (2) საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა; (3) საქართველოში სოფლის განვითარების ევრპული მოდელის დანერგვა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, სოფლად დასაქმების სხვა შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი ინსტიტუციებისთვის უზრუნველყო ტრენინგები, დაფინანსება და პროფესიული დახმარება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებას ეფუძნება და მხარს უჭერს მათ, რომ უფრო ეფექტურად დაეხმარონ ფერმერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.
ევროკავშირის დახმარებით, მთავრობამ შეიმუშავა სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის თანამედროვე სტრატეგიები. ამასთან, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ისეთ ძირითად მომსახურებებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების შეგროვების უნიფიცირებული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს, თავიანთი პროდუქციის გაყიდვის ფასის შესახებ საიმედო ინფორმაცია მიიღონ; მონიტორინგისა და შეფასების სისტემა ახალი პროგრამებისა და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვისთვის; გეოგრაფიული აღნიშვნების და წარმოშობის დაცვისა და ხარისხის სქემები.
უფრო მეტიც, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის შექმნაში, რომლებიც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციებს უწევენ. ამჟამინდელი მონაცემებით, დაახლოებით 250,000-მა ფერმერმა ცენტრების სერვისებით უკვე ისარგებლა.
ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მცირე ფერმერების კოოპერაციის გაძლიერებაში. ENPARD-ის კოოპერაციის კომპონენტის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კანონის მიღება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს (ACDA) შექმნაა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ძირითადი ინსტიტუცია, რომელიც ახლა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქტიულობის ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით მუშაობს.
ევროკავშირის დახმარებით, დღეს საქართველოში დარეგისტრირებულია 1,500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15,000 ფერმერს აერთიანებს. 280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს.  ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8,000 ფერმერი გადამზადდა და ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით ცოდნა გაიუმჯობესა. ამასთან, დაახლოებით 1,000-მა კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად მიიღო.
გარდა ამისა, ENPARD-ის პირველი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვაც დაიწყო. სოფლის მეურნეობა სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის ერთადერთი წყარო აღარ არის. საჭიროა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია მისი მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნული მოდელის შესაბამისად, ევროკავშირმა პირდაპირი დახმარება გაუწია სოფლის განვითარების საქმიანობას სამი გეორგაფიული მიმართულებით – ლაგოდეხში, ბორჯომსა და კახეთში. ENPARD-ის ფარგლებში განხორციელდა სოფლის განვითარების დაახლოებით 120 ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოფლის ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვის სფეროებში წარმოებისა და მომსახურების გაუჯმობესებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივებმა დაახლოებით 700  ოჯახის უკეთეს დასაქმებას შეუწყო ხელი.
ENPARD-ის მესამე ფაზის შესახებ
ENPARD-ის მესამე ფაზა, მთლიანი ბიუჯეტით €77.5 მილიონი (230 მილიონ ლარზე მეტი), 2018-2021 წლებში განხორციელდება. იგი შემდეგ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს: სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გატარებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა; ფერმერების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ მათი უკეთ ინფორმირება და განათლება; ფერმერთა პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე პროცედურების, შემოწმებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვა. გარდა ამისა, მესამე ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოფლად დასაქმებისა  და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერა; სოფლის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციისთვის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის აჭარაში და აფხაზეთში, დასაქმებისა და მომსახურების გაუმჯობესება; ასევე, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება.
ENPARD-ის პროგრამის შესახებ
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი (სამივე ფაზა) 179,5 მილიონ ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. პროგრამის მესამე ფაზა სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას გააგრძელებს, პარალელურად კი სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, სოფლის განვითარების მოდელის მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული.
ENPARD-ის პირველი ფაზა განხორციელდა პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა გაეროს განვთარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), Evoluxer-ი, ოქსფამი, ,,ფიფლ ინ ნიდ” (PIN), CARE, მერსი ქორპსი (Mercy Corps), ლიმერიკის უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.