თბილისში საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესი გაიმართა

თბილისში საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესი გაიმართა

2017 წლის 6 ივნისს, თბილისში საქართველოს ფერმერთა რიგით მესამე კონგრესი გაიმართა. კონგრესზე მოწვეული იყო ქვეყნის ცხრა რეგიონის 141 ფერმერი დელეგატი, რომლებიც შეხვდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ ოფიციალურ პირებს და გამართეს დიალოგს სოფლის მეურნეობის სფეროს გამოწვევების შესახებ. კონგრესის მონაწილე 141 ფერმერი დელეგატი შეირჩა რეგიონალური შეხვდრების  დროს, რომელიც  წინ უძღოდა აღნიშნულ ღონისძიებას.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი გაიმართა პროექტის -„ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ –  ფარგლებში, ოქსფამისა და მისი პარტნიორი ორგნიზაცია „ელკანას“ ორგანიზებით და  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბნ. ლევან დავითაშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბნ. გიორგი მიშელაძემ, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ბნ. ოთარ დანელიამ, ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა ქნ. ნუნუ მოსიაშვილმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ თავმჯდომარემ ქნ. ელენე ჯორჯაძემ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქნ. ნინო ზამბახიძემ.
წლევანდელ კონგრესზე განხილულ იქნა ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და მათი გამოწვევები, მცირე/ოჯახური მეურნეების ბაზრებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ბარიერები და ამ გამოწვევების მოგვარების გზები.  
2017 წლის ფერმერთა კონგრესს დაესწრო 250 მონაწილე, რომელთა შორის იქნებიან როგორც მცირე მეურნეები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ქალი ფერმერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის (GAARD) წევრები და სამოქალაქო სექტორი, ასევე ოფიციალური პირები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, საქართველოს პარლამენტიდან და სხვა სამთავრობო უწყებებიდან.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდა, თუ რა გამოწვევებსა და პერსეპექტივებს უნდა ელოდნენ მცირე/საოჯახო მეურნეები და კოოპერატივები  ბაზარზე ხელმისაწვდომობის კუთხით და რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების  რესურსები არსებობს მცირე/საოჯახო ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის. კონგრესზე ასევე მოკლედ მიმოიხილეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეახსენეს, რომ შარშან ფერმერმა დელეგატებმა დისკუსიებზე დაყრდნობით შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს (პრემიერ მინისტრის ოფისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტს) შემდგომი რეაგირებისათვის.
კონგრესის მსვლელობის დროს გაიმართა ლაივსტრიმი ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე. დაინტერესბულ პირებს ლაივსტრიმის საშუალებით შესაძლებობა ქონდათ თვალი ედევნებინათ კონგრესის  მსვლელობისთვის.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის –  „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ –  ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორცილებენ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში.  სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარის და ხარისხიან სურსათზე. სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი კი მცირე მეურნეობების განვითარება და  ადგილობრივ ბაზრებზე მათი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.
მედიისათვის საკონტაქტო პირები:
  • ნინო გვიანიშვილი, ოქსფამის კომუნიკაციების ოფიცერი: ngvianishvili@oxfan.org.uk 591119192
  • დანი თაბუკაშვილი, „ელკანა“, პროექტის მენეჯერი fs@elkana.org.ge  591195584
  • მაია ჩიტაია  ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს დირექტორი: maia.chitaia@actionprgroup.com; 599 49 00 12