(032) 2 22 04 26

ორგანიზაციებმა CARE და ISET ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინეს

ორგანიზაციებმა CARE და ISET ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინეს

2017 წლის 19 მაისს, თბილისში, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, განმახორციელებელმა ორგანიზაციამ „CARE“ და მისმა პარტნიორმა ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა წარმოადგინა.
ქართული ჩაის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევა აფასებს ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს და გვთავაზობს რეკომენდაციებს სექტორის განვითარებისთვის. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი დასავლეთ საქართველოში ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის. თუმცა საქართველოს ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. პლანტაციები გაველურებულია, გადამუშავებაში ჩართულ საწარმოებს კი არ აქვთ საკმარისი კაპიტალბრუნვა. გლობალური კონკურენციის ბუნებიდან გამომდინარე, ქართველი მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ფეხის მოკიდება რთულია. ამჟამად საქართველო არის ჩაის წმინდა იმპორტიორი, რაც სექტორის ისტორიისა და პოტენციალის გათვალისწინებით ფრიად უცნაურია.
ქართული კალმახის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის შესახებ კვლევაში განხილულია სექტორში არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები. საქართველო მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანაა, რაც მას კარგ პოზიციაში აყენებს მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად. საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი ახალი და პერპექტიული სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვია. თუმცა, ქართული კალმახის სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვები, რაც აფერხებს მის განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე ჩაისა და კალმახის მწარმოებელი კომპანიები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრები, ასოციაციები და კვლევითი ცენტრები.
“ასეთი კვლევები ეხმარება დაინტერესებულ მხარეებს სექტორში არსებული მდგომარეობა უკეთ გაიცნონ და ბიზნესსა თუ პოლიტიკაში ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. მოხარული ვართ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას, რათა თქვენი ქვეყანა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.” – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა ქრისტინა კასელამ.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით გაიმართა. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2019 წლებში) 102 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge
 ღონისძიება დააფინანსეს ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების სააგენტომ. ღონისძიების შინაარსი არის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას.