(032) 2 293 249‬

საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონებში სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების განხილვა მიმდინარეობს

თბილისი. 25 დეკემბერი 2017 – ფერმერთა კოოპერატივები, ინფრასტრუქტურული პროექტები, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ადგილობრივი ტურიზმი და ახალგაზრდობის საკითხები განიხილებოდა ლაგოდეხსა და ყაზბეგში 2017 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრებზე. კონსულტაციების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ENPARD ფარგლებში.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი სათემოებისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მონაწილეებმა ადგილზე მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია კერძო სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო ინიციატივების შესახებ, როგორიცაა პროგრამა “აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტები და სხვა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით გამართული შეხვედრების მიზანია ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთათვის საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ახალი და მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების გაცნობა, მთავრობასა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის დიალოგის გაძლიერება სოფლის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტური განხორციელების, დასაქმების ზრდისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ლაგოდეხისა და ყაზბეგის შემდეგ მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში გაიმართება. აღნიშნულ რვა მუნიციპალეტში, ENPARD-ის განმახორციელი პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფები: ლაგოდეხი (CARE), ყაზბეგი (People in Need), ბორჯომი (Mercy Corps), ახალქალაქი (GIPA), დედოფლისწყარო (HEKS/EPER), თეთრიწყარო (RDFG), ქედა (CENN) და ხულო (Caritas-Georgia).
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge