(032) 2 22 04 26

სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ტრენინგი ჩატარდა

სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ტრენინგი ჩატარდა

ბათუმი.13 სექტემბერი 2017აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 30-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ ტრენინგში, რომელიც ბათუმში, 12-13 სექტემბერს ჩატარდა.
აჭარის სოფლის განვითარების საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მდგრადი სოფლის განვითარების მთავარ კონცეპტუალურ საკითხებზე, გაეცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებს, სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმივსა და წარმართვის პროცესს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეთა როლს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.
ორდღიან ტრენინგზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სოფლის განვითარების პოლიტიკის პრაქტიკულ ასპექტებს, კერძოდ: სოფლის განვითარების პროგრამების ეფექტურობის გაზრდა, განხორციელების სინერგიისა და ეფექტიანობის მიღწევა, დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური და კრეატიული დიალოგის ფასილიტაცია, ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თემებთან კავშირების გაძლიერება. მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების მმართველობასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე; ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო მოქმედებებზე და თითოეული მათგანის კონტრიბუციასა და როლზე როგორც პერსონალურ ისე ინსტიტუციურ დონეზე. მონაწილეებმა აგრეთვე, იმსჯელეს აჭარის სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა შესაბამისი საჯარო უწყებების მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას სოფლის განვითარების საკითხებში და რეგიონულ დონეზე, ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების უწყებათაშორის საბჭოსთან თანამშრომლობით.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება და 2013-2019 წლებისათვის მისი ბიუჯეტი 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge