(032) 2 22 04 26

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდა

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩატარდა

2017 წლის ივლისში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), აჭარის რეგიონში პარტნიორ ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 9 თემის 64 სოფლის მოსახლეობასთან სათემო მობილიზაციის შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ. მათ ასევე დაურიგდათ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმები.
სათემო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მაცხოვრებელებმა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სათემო ჯგუფებსფერმერებს, კოოპერატივებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს, ე.წ. AMAG –ებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ქალებს, მოწყვლად ჯგუფებს, ახალგაზრდებს და სხვ. შეხვედრების დროს განხილულ იქნა ადგილობრივი განვითარების გამოწვევები და საერთო ინტერესის მქონე საკითხები.
პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები მტირალას ეროვნული პარკის, კულტურული და სათემო სერვისების მიმწოდებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
პროექტი ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge