(032) 2 22 04 26

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომებზე ტრენინგები ჩატარდა

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომებზე ტრენინგები ჩატარდა

2017 წლის 4-9 სექტემბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებითა და ევროკავშორის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები თემაზე: სოფლის განვითარების ევროპული მიდგომები.
ტრენინგები მიზნად ისახავდა სოფლის განვითარებისა და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვას. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეები გაეცნენ სოფლის განვითარების ძირითად ასპექტებსა და ევროპულ LEADER მიდგომას. აგრეთვე, მოახდინეს განვითარების პოტენციალისა და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი ქედის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
ტრენინგებში მონაწილეობას ქედის მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 70-მდე წარმომადგენელი იღებდა, რომელთაც გამოხატეს სურვილი და მზაობა ჩართულიყვნენ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) საქმიანობაში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.