(032) 2 22 04 26

ხულოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია დარსულდა

ხულოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია დასრულდა

ENPARD-ის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია დაასრულა. საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა ხულოს მოსახლეობისთვის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის, ევროპული მიდგომისა (LEADER)  და LAG- ის კონცეფციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა უზრუნველყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში მაქსიმალური ჩართულობა.
საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა 2017 წლის ივლის-ოქტომბერში. შეხვედრები ჩატარდა 12-ვე თემის 30 სოფელში და დაბა ხულოში. სულ ჩატარდა 41 შეხვედრა. შეხვედრებს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის 500-ზე მეტი მცხოვრები. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფერმერებმა, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა, ტრადიციული ხელსაქმის ოსტატებმა, ხულოში არსებული კოოპერატივების, აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებისა (AMAGI) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შეხვედრებისას ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა 80 ადამიანმა (20 ქალი, 60 კაცი) და ისინი მზად არიან ჩაერთონ პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებში. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და ადგილობრივი განვითარების ჯგუფში (LAG)  გაწევრიანების ფორმები.
2017 წლის ივნისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ევროკავშირის მხარდაჭერით ხორვატულ არასამთავრობო ორგანიზაცია HMRR  და PMC კვლევითი ცენტრთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეში ახორციელებს პროექტს „სოფლის განთვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი სასტუმრო სახლების (გესთჰაუსი) ოპერატორები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები,  ადგილობრივი საკვების მწარმოებლები და ხელსაქმის ოსტატები, ადგილობრივი თემების წევრები (მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ა.შ.), ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.  პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით.
საინფორმაციო კამპანიის შემდეგ პროექტის ჩამოყალიბდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ხულოს განვითარების სტრატეგიას.  
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD- ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.enpard.ge