(032) 2 293 249‬

2018-2020 წელს საქართველოს სოფლის განვითარებაში 1.7 მილიარდი ლარი ჩაიდება

2018-2020 წელს საქართველოს სოფლის განვითარებაში 1.7 მილიარდი ლარი ჩაიდება

თბილისი. 28 დეკემბერი 2017 – 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისათვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავმჯდომარეობს. 
ახალი სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის მანძილზე  განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც აღწერილია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნულ სტრატეგიაში. სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.
გეგმაში აღწერილი საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.
სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.
მომავალი თვეების მანძილზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გაიმართება სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD  2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში  102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge