(032) 2 293 249‬

ისტორია

shutterstock_327332117
ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 და საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 სექტორში მიმდინარე რეფორმების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტებია. სოფლის მეურნეობის სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, მცირე ფერმერთა გაძლიერებითა და წარმოების ზრდის ხელშეწყობით. ხოლო სოფლის განვითარების სტრატეგიის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და სოციალური მდგომარეობის მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება მრავალფეროვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელმისაწვდომ სოციალურ სიკეთეებს, მდიდარ კულტურულ ცხოვრებას, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას.

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებას „ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას, პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის პროგრესული დაახლოების გზით“; ასევე, ცოდნის გავრცელებითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით სოფლის განვითარების პოლიტიკასთან მიმართებაში, რათა მოხდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და „ადმინისტრაციული შესაძლებლობების დახვეწა, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.“

 

სოფლის მეურნეობის განვითარების დახმარების კუთხით, ევროკავშირი ქვეყნის მთავარი დონორია. დახმარების მიზანი ევროკავშირის 2017-2020 წლების სტრატეგიულ ჩარჩო-ხელშეკრულებაში შემდეგნაირადაა ფორმულირებული: “სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ეკონომიკის დივერსიფიკაციითა და ინფრასტრუქტურული განვითარებით.“
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მთავარ პოლიტიკის ინსტრუმენტს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) წარმოადგენს.

ENPARD-ის შესახებ

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.
საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს:
  • სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;
  • სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
  •  სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.
2013-2022 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა (I ფაზა – € 52 მილიონი, 2014-2017; II ფაზა – € 50მილიონი, 2016-2019; IIფაზა – € 77.5 მილიონი, 2018-2022).

ENPARD-ის მიზნები და შედეგები

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოების მხარდაჭერა და ინსტიტუციონალური გაძლიერება მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის:
  • პოლიტიკის შემუშავება;
  • ზედამხედველობისა და შეფასების მექანიზმების დანერგვა;
  • ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება დონორებთან ურთიერთობისათვის და სამინისტროს სააგენტოებთან კოორდინაციისთვის;
  • ადამიანური რესურსების შეფასების, გადამზადებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში დანერგვა;
  • საინფორმაციო მომსახურების გაწევისა და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაუმჯობესება.

შედეგები:

პროგრამა მხარს უჭერს არასასოფლო-სამეურნეო აქტივობების დივერსიფიკაციას, ასევე გარემოს რესურსების განვითარებასა და მართვას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

შედეგები:

  შემუშავდა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 და სტრატეგიის განხორციელებისთვის  2017 წლის სამოქმედო გეგმა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
 2015 წლიდან, სოფლის განვითარების პროექტები სამ მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხში, ბორჯომში და ყაზბეგში – მიმდინარეობს, ევროპული LEADER მიდგომის შესაბამისად.
 2016 წლიდან, ENPARD II-ის ფარგლებში, დაიწყო სოფლის განვითარების სამი ახალი პროექტი დედოფლისწყაროს, ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
  • ENPARD II-ის ფარგლებში, ევროკავშრმა აღნიშულ სამ მუნიციპალიტეტში პროექტების მხარდასაჭერად სულ 6 მილიონი ევრო გამოყო.
  • სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG).
  • სამივე მუნიციპალიტეტისთვის მომზადდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები.
  • 2018 წელს, სამივე პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ევროკავშირის საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად.
სამივე მუნიციპალიტეტში, დღემდე, ევროკავშირმა 86 განვითარების ინიციატივა დააფინანსა (31 დედოფლისწყაროში, 38 თეთრიწყაროში, 17 ახალქალაქში).
 2017 წელს, ENPARD II-ის ფარგლებში, დამატებით ორი ახალი პროექტი დაიწყო აჭარაშიც, კერძოდ ხულოსა და ქედაში.
➢  სულ, დღემდე, ევროკავშირმა 275 სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური, ინფრასტუქურული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 10,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისა და სოფლის ეკონომიკის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებს შორის ბიზნესზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ამ მხრივ ENPARD I – ის ფარგლებში, ევროკავშირის დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების (Oxfam, Mercy Corps, Care, People in Need, UNDP) მეშვეობით განხორციელდა და იგი ძირითადად ფერმერთა ქმედუნარიანობის ამაღლებასა და ფერმერული კოოპერატივების თანადაფინანსებას მოხმარდა.

შედეგები:

  • მიღებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი.
  • შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
  • ჩამოყალიბდა და სააგენტოს ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 1,500-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, რომელიც 15,000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.
  • 6 მილიონზე მეტი ოდენობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით განხორციელდა 1,000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დახმარება.
  • ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (Oxfam, Mercy Corps, People in Need, Care, UNDP) 280-ზე მეტ კოოპერატივს 4 მილიონ ევროზე მეტი (დაახლოებით 13 მილიონი ლარი) ტექნიკური დახმარება გაეწია.
  • ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ (Oxfam, Mercy Corps, People in Need, CARE International, UNDP) გადამზადდა 8,000-ზე მეტი ფერმერი.
პროგრამის დახმარებით ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის სექტორის ექსტენციის სისტემა, რომლის თანახმადაც რეგიონალურ დონეზე საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები დაფუძნდა. აღნიშნული ცენტრები ფერმერებს ცოდნის გაღრმავებასა და მიმდინარე რეფორმებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

შედეგები:

  • სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია 2018-2019
  • ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შეიქმნა.
  • საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდა ექსტენციის ცენტრები, რომლებიც მცირე ფერმერებს და ფერმერულ ჯგუფებს ინფორმაციითა და საკონსულტაციო მომსახურებით ეხმარება.
  • გადამზადდნენ ექსტენციის ცენტრების თანამშრომელები, მათ მიერ ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობის უკეთ მომსახურების მიზნით.
  • 250 000-ზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა სამინისტროს რეგიონული ცენტრების მომსახურეობით.
  • სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები იღებენ დახმარებას ტრენინგებისა და ფინანსური მხარდაჭერის სახით.