(032) 2 293 249‬

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოფლის განვითარების 17 ინიციატივა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის სფეროებიდან შეირჩა. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული 2018 – 2020 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის სტრატეგია შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფს: ადგილობრივი შემოსავლის გაზრდა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოება, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციას და მხარდაჭერა; მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა.
პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც სამ ეტაპად წარიმართა, სულ შემოვიდა 126 ინტერესთა გამოხატვის ფორმა. მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 54, ხოლო მესამე ეტაპისა და ტექნიკური შეფასების გავლის შემდეგ, საბოლოოდ გამოვლინდა 17 გამარჯვებული. ევროკავშირის გრანტის მისაღებად სოფლის განვითარების ინიციატივები შეირჩა შემდეგი სფეროებიდან:
  1. ეკომომიკური ინიციატივები- 12 პროექტი;
  2. გარემოსდაცვითი ინიციატივები- 2 პროექტი;
  3. სოციალური ინიციატივა- 5 პროექტი;
  4. ქალთა მიერ შემოტანილი პროექტების რაოდენობა- 5 პროექტი;
  5. ახალგაზრდების მიერ ინიცირებული- 5 პროექტი.
განაცხადების განხილვის პროცესი ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული საგრანტო სახელმძღვანელოს დაცვით წარიმართა. გამარჯვებული პროექტების საქმიანობა სრულ თანხვედრაშია ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან. იხილეთ მხარდაჭერილი ინიციატივების სრული სია.
პირველი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვოდა საინფორმაციო კამპანია. შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, სოფლებსა და სათემო ცენტრებში. ამასთან, დაიტერესებული პირებისთვის დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები და ამოქმედდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებ-გვერდი (https://akhalkalakilag.ge/). სრული განაცხადის წარდგენამდე, აპლიკანტებისთვის გაიმართა საინფორმაციო სესიები. ბიზნეს გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ჩატრადა ღია კარის დღეები და ტრენინგები.
აღსანიშნავია რომ, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით უკვე გამოცხადდა მეორე საგრანტო კონკურსი, ხოლო პირველი კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ აპლიკანტებთან მიმდინარეობს ხელშეკრულებების ხელმოწერის პროცესი.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირის მიერ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge