(032) 2 293 249‬

ბრიუსელში, ევროპის განვითარების დღეებზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორი ქართული პროექტი წარსდგა

ბრიუსელში, ევროპის განვითარების დღეებზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორი ქართული პროექტი წარსდგა

18-19 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ორმა ქართულმა პროექტმა „ევროპის განვითარების დღეებში“ მონაწილეობა მიიღო. ქართული პროექტები ფორუმის 14-წლიანი ისტორიის მანძილზე წელს პირველად იყო წარმოდგენილი.
პირველი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. მას ახორციელებს  ა.ა.ი.პ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (Caritas Czech Republic in Georgia), სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით. 
მეორე პროექტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში იყო „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. მისი მიზანია დაეხმაროს მერებს და მუნიციპალიტეტებს, იყვნენ ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი). ინიციატივას ახორციელებს კონსორციუმი საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მონაწილეობით და ნიდერლანდური კომპანია ეკორისის (Ecorys Nederland B.V.) ხელმძღვანელობით.
„ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის წამყვანი ფორუმის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობასა და განვითარებაზე. ღონისძიებამ საშუალება მოგვცა, მსოფლიოს ლიდერებს, წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტებს და საკონსულტაციო კომპანიებს გავუზიაროთ  საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების წარმატებული გამოცდილება“, აღნიშნა საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის დამფუძნებელმა, ალექსი ალექსიშვილმა. 
ფორუმი ორგანიზებულია ევროკომისიის მიერ და თავს უყრის მთავრობების წარმომადგენლებს, საერთაშორისო კომპანიებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ გლობალური განვითარების პროცესში, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოდან, საინტერესო იდეებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოვნას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებზე. 2019 წელს ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა „უთანასწორობის დაძლევა: ვაშენებთ სამყაროს, რომელიც არავის დატოვებს უკან“.
წელს, „ევროპის განვითარების დღეებმა“ დაახლოებით 8000 მონაწილეს უმასპინძლა. საქართველოს გამოცდილებამ და მიდგომებმა ტერიტორიული უთანასწორობის, სიღარიბის და უმუშევრობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. 
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: www.eudevdays.eu