(032) 2 22 04 26

CENN-მა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომებზე მორიგი ტრენინგები ჩაატარა

CENN-მა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომებზე მორიგი ტრენინგები ჩაატარა

2017 წლის 4-5 ოქტომბერს, CENN–ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები თემაზე: სოფლის განვითარების ევროპული მიდგომები.
ტრენინგები მიზნად ისახავდა სოფლის განვითარებისა და პროექტის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვას. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეები გაეცნენ სოფლის განვითარების ძირითად ასპექტებსა და ევროპულ LEADER მიდგომას. აგრეთვე, მოახდინეს განვითარების პოტენციალისა და შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი ქედის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ადამიანმა, რომელთაც  გამოთქვეს სურვილი და მზაობა ჩართულიყვნენ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, ტრენინგები უკვე ჩაუტარდა  ქედის მუნიციპალიტეტის 64 სოფლის 70-მდე წარმომადგენელს.
პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.