(032) 2 293 249‬

დედოფლისწყაროში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სრული საპროექტო განაცხადის შედგენის ტრენინგი ჩატარდა

დედოფლისწყაროში ევროკავშირის საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის სრული საპროექტო განაცხადის შედგენის ტრენინგი ჩატარდა

2019 წლის 8-27 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული 113 აპლიკანტისთვის სრული საპროექტო განაცხადის წერის ტრენინგები ჩატარდა. ოთხ დღიანი ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიული ცონდის გადაცემას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას სრულ საპროექტო განაცხადის შესადგენად შვიდ ჯგუფად დაკომპლექტებულ აპლიკანტათთვის, რომელიც მათ ბიზნესის დაგეგმარებასა და განვითარებაში გამოცდილმა ექსპერტებმა წაუკითხეს.
ტრენინგის ფარგლებში, შემოთავაზებული იყო ორი სასწავლო პროგრამა: ერთი იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც კერძო ბიზნესის განვითარება უნდათ, მეორე კი იმ უწყებებისთვის და ფიზიკური პირებისთვის, ვისაც მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის სჭირდებათ ხელშეწყობა. ორივე პროგრამა შეიცავდა რამდენიმე საერთო საკითხს. ესენია: საგრანტო პროექტის შესაბამისობა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან; კომერციული, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური პასუხისმგებლობა; პროექტის ზემოქმედება გარემოზე; საგრანტო პროექტის საჭიროების დასაბუთება; პროექტის შემუშავების ფაზაში, მიწოდებული მომსახურებისა თუ პროდუქტის ზუსტი აღწერა; ბიზნესის ფინანსური მდგრადობისთვის მოთხოვნილი პირობები; საგრანტო აპლიკაციის მხარდამჭერი საჭირო დოკუმენტაცია და ა.შ.
გარდა ამისა, აპლიკანტებს ვისაც სჭირდება თავიანთი ბიზნესების განვითარება, შესთავაზეს სპეციფიკური თემები, როგორიცაა ბაზრის ანალიზი, პროდუქციისა და მომსახურების მარკეტინგი, მომავალში მოსალოდნელი შემოსავლების პროგნოზირება და სხვა. აპლიკანტებს, ვისი ბიზნეს იდეებიც სოციალური სერვისების განვითარებას ეხებოდა, გაეწიათ დახმარება თავიანთი იდეების დახვეწაში, თუ როგორ უნდა შეარჩიონ ბენეფიციარები, შეაფასონ პროექტის ზემოქმედება, უზრუნველყონ სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა და ა.შ.
სასწავლო კურსების გავლის შედეგად, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აპლიკანტებისგან მაღალი ხარისხის საპროექტო განაცხადებს ელოდება, რომლებსაც საბჭო 2019 წლის სექტემბერ/ოქტომბერში განიხილავს.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge