(032) 2 293 249‬

ელჩი ჰარცელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

ელჩი ჰარცელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს შეხვდა და ბაკურიანში სოფლის განვითარების ბიზნესინიციატივას ეწვია.
2019 წლის 1 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომსა და ბაკურიანს ეწვია და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის შედეგებს გაეცნო.
ბორჯომში, ელჩი ჰარცელი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხვდა და მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის მიმდინარეობას და შედეგებს გაეცნო. ბორჯომის განვითარების ჯგუფი ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, რომელთა მიზანსაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და გაძლიერება წარმოადგენს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას უზრუნველყოფენ. ევროკავშირის მხარდაჭერით ბორჯომის LAG-მა ღია კონკურსის წესით დღემდე სოფლის განვითარების 50-ზე მეტი ინიციატივა შეარჩია, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის და გარემოს დაცვითი სფეროებიდან. ინიციატივები ამჟამად წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკის განვითარებას.
“მოხარული ვარ ვხედავდე ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრების ენთუზიაზმსა და საქმისადმი ერთგულებას. ისინი დაუღალავად  შრომობენ საკუთარი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის. მე მჯერა ასეთი პროექტების. მათი დახმარებით თვალნათელი ხდება ნიჭიერება და მეწარმეობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ადგილობრივი თემების საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასებას ყველაზე კარგად ახერხებენ.“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შეხვედრის შემდეგ, ელჩი ჰარცელი ბაკურიანში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ბიზნესინიციატივას, თხილამურების გამქირავებელ მაღაზიას ეწვია.
ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით ბაკურიანელმა ზვიად მჭედლიშვილმა ძველებური პატარა ჯიხური თხილამურების გამქირავებელ თანამედროვე ვიტრაჟულ მაღაზიად აქცია და სათხილამურო ფეხსაცმლის საშრობი აპარატიც შეიძინა. ბიზნესინიციატივა ბაკურიანის დამსვენებლებს ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. იდეის რეპლიკაცია სულ მცირე ათმა ადგილობრივმა მოახდინა, რამაც საერთო ჯამში დამსვენებლებისთვის თხილამურების გაქირავების სერვისის ხარისხი გააუმჯობესა. აღნიშნული ინიციატივით 6 ადგილობრივია დასაქმებული. აღნიშნული ინიციატივის დასაფინანსებლად ევროკავშრის გრანტმა 18,000 ლარი, ხოლო ბენეფიციარის თანადაფინანსებამ 12,000 ლარი შეადგინა. დაფინანსება გადაწყდა, ვინაიდან ინიციატივა ხელს უწყობს ადგილობრივი სათხილამურო სპორტის განვითარებას და ტურისტებისთვის სათხილამურო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს მიმართულებები ბორჯომის LAG-ის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული ბორჯომის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებია.
სოფლის განვითარება საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, ამ სექტორის გამოცოცხლება და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. ევროკავშირის ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დღემდე 270-ზე მეტი სოფლის განვითარების ინიციატივა დაფინანსდა, მათგან 50-ზე მეტი ბორჯომში. ეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და რეგიონალური ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივებით 1000-მდე სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა, ხოლო 10,000-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.
ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. მისი ძირითადი მიზანი სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.