(032) 2 22 04 26

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების კვლევის შედეგები წარადგინეს

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოოპერატივების კვლევის შედეგები წარადგინეს

2017 წლის 14 ივლისს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაციამ CARE და მისმა პარტნიორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითმა ინსტიტუტმა, ENPARD-ის განმახორციელებელ სხვა პარტნიორებთან (Oxfam, Mercy Corps, People in Need და UNDP აჭარა) მჭიდრო თანამშრომლობით წარადგინა ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები.
კვლევა აფასებს 2014-2016 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი კოოპერატივების საქმიანობას. კვლევის შედეგები ეყრდნობა ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმების (CARE, Oxfam, Mercy Corps და People in Need) და UNDP აჭარის მიერ შეგროვებულ და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გაანალიზებულ მონაცემებს. ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა კვლევის ჩატარების და მისი საჯაროდ პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ქეა საერთაშორისო კავკასიაში მისიის დირექტორმა, გიორგი ღლონტმა, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშემ, კრისტინა კასელამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილემ, გიორგი ხანიშვილმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ხუცაიძემ. კვლევის შედეგები წარადგინა ISET-ის უფროსმა მკვლევარმა, ირაკლი კოჭლამაზაშვილმა.
2017 წლის იანვრისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილია 260-ზე მეტი კოოპერატივი. ENPARD-ის პროგრამა, განმახორციელებელი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, მხარს უჭერს კოოპერატივებს – გადასცემს მათ აქტივებს (ძირითადად, გრძელვადიან აქტივებს), ახორციელებს მათ ტექნიკურ დახმარებას ტრენინგებითა და ექსპერტული რჩევებით, ეხმარება კოოპერატივებს ნედლეულისა და მასალების შეძენის და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო საბაზრო კავშირების დამყარებაში.
ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება გრძელვადიანი პროცესია, ზუსტი დასკვნების გაკეთება რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით არსებული მონაცემები უკვე იძლევა ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების განვითარებისათვის თვალის მიდევნების საშუალებას.
საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა კოოპერატივებმა აჩვენა განვითარების დადებითი დინამიკა. გამოკითხული 254 კოოპერატივიდან 2016 წელს 39% იყენებდა დაქირავებულ შრომას, იგივე მონაცემი 2015 წელს 36%-ს შეადგენდა. განვითარების ტენდენცია შესამჩნევია ასევე თუ დავაკვირდებით კოოპერატივის მიერ გამოყენებულ ძირითადი აქტივების საშუალო ღირებულებას, რომელიც 2016 წელს ერთ კოოპერატივზე გაიზარდა 60%-ით 2015 წელთან შედარებით, ხოლო 200%-ით 2014 წელთან შედარებით.  გარდა ამისა, კოოპერატივების უმრავლესობამ (გამოკითხულთა 76%-მა) განაცხადა, რომ კოოპერატივის საქმიანობის განსავითარებლად მოახდინა მიღებული მოგების მნიშვნელოვანი ნაწილის რეინვესტირება.
იმ კოოპერატივების გათვალისწინებით რომელთათვისაც საბაზისო წელი იყო 2014 (91 კოოპერატივი) მთლიანი შემოსავალი ერთ კოოპერატივზე 2016 წელს 2014 წელთან შედარებით გაიზარდა 64%-ით, ხოლო იმავე პერიოდში წმინდა შემოსავალი (მოგება) გაიზარდა 30%-ით.
გამოკვლეული კოოპერატივები ჩართულნი არიან სოფლის მეურნეობის 23 სხვადახვა ღირებულებათა ჯაჭვში და აწარმოებენ პროდუქციის ფართო სპექტრს. 2016 წელს, ENPARD-ის კოოპერატივების მიერ მიღებულმა თაფლის მოცულობამ შეადგინა საქართველოს მთლიანი წარმოების 3,4%, თხილმა (ნაჭუჭიანი) – 2,3%, კარტოფილმა – 1,9%, სიმინდმა – 0,75% და ბოსტნეულმა – 0,4%.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობაში. ჯამში, წევრების და/ან დაქირავებული მუშახელის 37% არის ქალი. ამასთან, კოოპერატივებში ქალებს წამყვანი მენეჯერული პოზიციები აქვთ. გამოკითხული კოოპერატივების გამგეობის წევრების 23% ქალია.    
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები: კოოპერატივების გამოკითხვის შედეგები და კვლევის ძირითადი შედეგები.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge