ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ იმსჯელეს

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესახებ იმსჯელეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-16 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და ევროპის LEADER მიდგომის ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო განვითარებაზე.
ENPARD-ის პროექტები ეფუძნება სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს – ადგილობრივ განვითარების ჯგუფებს (LAGs) და LEADER მიდგომას, რომელთა მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩაერთონ ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მხოლოდ მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) რეგისტრაციაზე, ასევე ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ასოციაციისა და საქართველოს სოფლის განვითარების ქსელის შექმნაზე. CENN-ის მიერ გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომელიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისთვის (LAG) სოფლის განვითარების სახელმძღვანელოს შექმნას ეხება.
ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერებმა, ალვარო აპარისიო ორტეგამ და კრისტინა კასელამ მონაწილეებს ENPARD-ის II და III ფაზების განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  
ღონისძიების ბოლოს  ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პრეზენტაციები შედგა. ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა – FAO, UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic – მიმდინარე პროექტების აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაც თავის მხრივ, მოკლედ მიმოიხილეს საკუთარ პროექტებში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობები.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge