(032) 2 22 04 26

ENPARD-ის პარტნიორებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები განიხილეს

ENPARD-ის პარტნიორებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები განიხილეს

2018 წლის 31 იანვარს, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები“. შეხვედრა ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  “დაგროვილი გამოცდილების გაზიარების ვორკშოპების სერიის“ ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
შეხვედრა გახსნეს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშემ ქალბატონმა კრისტინა კასელამ, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა ბატონმა ლევან დადიანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონმა გიორგი მიშელაძემ, რომელთაც მოკლედ შეაჯამეს საქართველოში ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაწეული საქმიანობები და ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელოვან შედეგებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობის მიმართულებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბიოლოგიურ ასოციაცია „ელკანას“ მიერ დაფინასებულ იქნა 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 3 მუნიციპალიტეტში და საერთო ჯამში ამ კოოპერატივებში ინვესტირებულმა თანხამ 1 226 000 ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდირებისა და სურსათის უვნებლობის კუთხით მომსახურება გაეწია 52 კოოპერატივს. როგორც ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ აღნიშნა, პროექტმა ასოციაცია „ელკანას“ დიდი გამოცდილება შესძინა. პროექტი მოიცავდა არამარტო კოოპერატივების ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ სწავლებას და გამოცდილების გაზიარებას მრავალი მიმართულებით, აღნიშნა ბატონმა ლევან დადიანმა. ბატონმა გიორგი მიშელაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ENPARD -ის პროგრამების შედეგად შექმნილი პირველადი დონის კოოპერატივები მომავალში მათი გამსხვილებისა და მეორე და მესამე დონის კოოპერატივების ჩამოყალიბების საწინდარია.
სამუშაო შეხვედრისას, ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერმა, ელენე შატბერაშვილმა და ბიზნესკონსულტანტმა ირაკლი ჯავახიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკანონმდებლო რეგულირებისა და კოოპერატივების მართვის პრაქტიკული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები, პროექტის მიმდინარეობისას მიღებული გამოცდილების გადასახედიდან.
სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი, დაეთმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში და მცირე საწარმოებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქალბატონმა მაია ბერუაშვილმა, ისაუბრა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებზე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ჭრილში და აღნიშნული მოთხოვნების დანერგვაზე კოოპერატივებში.
შეხვედრის ბოლოს, ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელმა, ქალბატონმა ია ებრალიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კოოპერატივებისათვის საწარმოო ხაზის აწყობისა და პროდუქციის ბრენდირების შესაძლებლობები და გამოწვევები. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ელკანას“ მიერ ბრენდირების კუთხით გაწეულ საქმიანობებზე, მცირე კოოპერაციულ საწარმოებში საწარმოო ხაზის აწყობის სირთულეებზე, ხარისხის სისტემის დანერგვა-სერტიფიცირებასა და საწარმოოს შიდა სტანდარტისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციის მნიშვნელობაზე მათთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბაზარზე შესვლის მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდის ვიზუალის კომპონენტების შემუშავებზე. კოოპერატივის ბრენდირებისას, მნიშვნელოვანია მენეჯმენტის წევრების მზაობა დაენერგონ ახალი ტექნოლოგიები და სერტიფიცირების სისტემები გრძელვადიან პერიოდში და ასევე ბრენდირების საკითხი მიბმული უნდა იყოს კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქციის საჭიროებასა და მოცულობაზე.  
შეხვედრის დასასრულს ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები უკვე თანამშრომლობენ ერთამნეთთან და პროექტმა მათ ხელი შეუწყო არამარტო ფინანსურად, არამედ პარტნიორების მოძიების კუთხითაც. ამასთან, სასიხარულოა ის ფაქტიც, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული თუშური გუდის ყველის მწარმოებელი კოოპერატივ „ალაზნისთავის“ თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ასოციაცია „თუშური გუდის“ შექმნას, რომლის მიზანიცაა გუდაში ყველის მწარმოებელების გაერთიანება, წარმოების ტექნოლოგიის ტრადიციის გაცოცხლება და თუშური გუდის როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა.
ღონისძიება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით გაიმართა. პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და იგი სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  (2013-2022 წლებში) 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge