(032) 2 293 249‬

ENPARD-ის პარტნიორმა CENN-მა მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლა

ENPARD-ის პარტნიორმა CENN-მა მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლა

2018 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის აჭარის ა.რ. ქედის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, CENN-მა მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარტნიორების, ასევე ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს შეკრების მიზანი იყო, პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.
ღონისძიება გახსნეს CENN-ის დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ .
CENN-ის დირექტორის, ნანა ჯანაშიას თქმით „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა ქედაში შესაძლებელი გახდა ადგილობრივი თემის, ჩვენი პარტნორებისა და CENN-ის აქტიური თანამშრომლობით. შემდეგი ეტაპი არის ადგილობრივი ინიციატივების კიდევ უფრო აქტიურად მხარდაჭერა ევროკავშირის LEADER მიდგომაზე დაყრდნობით“.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ მონაწილეებს ENPARD-ის პროგრამის მთავარი კომპონენტები და მიზნები გააცნო და საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტების მნიშვნელობაზე ესაუბრა; მათ შორის აღნიშნა აჭარაში ცოტა ხნის წინ დაწყებული ორი საპილოტე პროექტი. ქედასა და ხულოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ახალი შექმნილია და ამ ეტაპზე პროექტების მიზანი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის ადგილობრივი თემის ჩართულობით შემუშავებაა. ბატონმა ორტეგამ ასევე ხაზი გაუსვა სოფლის განვითარების პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი ინიციატივების აუცილებლობას.
შეხვედრაზე პრეზენტაციები ასევე წარმოადგინეს CENN-ის პროექტის მენეჯერმა ნინო გაფრინდაშვილმა და ქედის LAG-ის თავმჯდომარემ გიორგი აბულაძემ, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის მიმდინარეობის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, მონაწილეებს ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ნანობაშვილმა და FAO-ს ENPARD-ის პროექტების ოფიცერმა, ხავიერ სან ალვარესმა.
ორდღიანი ღონისძების ფარგლებში, CENN-მა ასევე უმასპინძლა ევროკავშირის მიერ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული LAGs-ბის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორების შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერება, მოსაზრებების გაცვლა შემდგომი განვითარებისათვის და გამოცდილებების გაზიარება. მომავალში თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრის ფარგლებში, CENN-ის გუნდმა წარადგინა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე გარემოსდაცვითი პროექტები რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია ადგილობრივ განვითარების ჯგუფებთან და მათ ინიციატივებთან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.