(032) 2 293 249‬

ENPARD-ის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამა გრძელდება

ENPARD-ის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დასაქმების პროგრამა გრძელდება

RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში დასაქმების პროგრამა გრძელდება. პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული დასაქმების პროგრამის პირველი ფაზა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამი თვის წინ დაიწყო. სესიები კვირაში ორჯერ იმართება და პროგრამის მენტორის გარდა მას მოწვეული სტუმრები და კორპორაციული მოხალისეები, დასაქმებასა და თვითდასაქმებასთან დაკავშირებული სფეროების სპეციალისტები ატარებენ.  ბენეფიციარები ენთუზიაზმითა და შემართებით ერთვებიან პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში.
მიმდინარე კვირის განმავლობაში,  მონაწილეებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენელს, ნინო გიორგაძეს და პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სესიის პირველ ნაწილში პროგრამის მონაწილეებმა „ორბელიანი საქართველოს“ საგრანტო კონკურსის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თეთრიწყაროს მასშტაბით გარემოს დაცვითი და სოციალური პროექტების დაფინანსება იგეგმება. ნინო გიორგაძის თქმით, განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების შეტანა სურს.
„პროგრამის მონაწილეებმა სესიის განმავლობაშივე გამოხატეს ინტერესი „ორბელიანი საქართველოს“ საგრანტო კონკურსის მიმართ და ვფიქრობ, მათი ჩართულობით არაერთი საინტერესო პროექტი დაიწერება და განხორციელდება. გარდა იმისა, რომ საკუთარი თემისა და რეგიონის განვითარებაში შეიტანენ ცვლილებებს, ასევე, მათ დასაქმების პროგრამაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზების საშუალებაც მიეცემათ“, – აღნიშნა ნინო გიორგაძემ.
კორპორაციულ მოხალისესთან შეხვედრის შემდეგ, დღის მეორე ნახევარი სიმულაციურ გასაუბრებებს დაეთმო. პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა და პროექტის ოფიცერმა მარიამ შურღაიამ მონაწილეებთან სამუშაო ინტერვიუები გამართეს. მონაწილეებმა სესიის დასაწყისში მათთვის სასურველი ვაკანსიები დაასახელეს და აღნიშნული პოზიციების დასაკავებლად  გასაუბრებაც გაიარეს.
„გასაუბრების იმიტირებით ვცდილობთ მონაწილეები რეალური გასაუბრებისთვის მოვამზადოთ. მსგავს სიმულაციას პროგრამის დასაწყისშიც მივმართეთ და დღევანდელმა ინტერვიუებმა ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად გაიზარდნენ და განვითარდნენ ბენეფიციარები ბოლო თვეების განმავლობაში. პროგრამის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მონაწილეებმა დასაქმებისათვის საჭირო უნარები შეიძინონ და განივითარონ“ – განაცხადა ნელი რევაზიშვილმა.
RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.