(032) 2 22 04 26

EVOLUXER-მა ENPARD-ის პროექტის შედეგები დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამა

EVOLUXER-მა ENPARD-ის პროექტის შედეგები დასკვნით კონფერენციაზე შეაჯამა

12 სექტემბერს, ENPARD-ის პარტნიორმა ესპანურმა ორგანიზაციამ EVOLUXER-მა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის დასკვნითი კონფერენცია გამართა. ღონისძიების მთავარ მიზანს EVOLUXER-ის კონსორციუმის მიერ, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციის გაძლიერებისთვის განხორციელებული საქმიანობის და მიღწეული შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა, კრისტინა კასელამ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და EVOLUXER-ის კონსორციუმის პროექტის ხელმძღვანელმა, სერხიო ვიდალმა.
კონფერენციის მთავარი თემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და რეგისტრირებული კოოპერატივების გაძლიერებას შეეხებოდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კოოპერატივების  წევრებისათვის უწყვეტი ტრენინგ პროგრამების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოოპერატივის წევრებში და ფართო საზოგადოებაში კოოპერაციის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხებზეც.
ქალბატონმა კრისტინა კასელამ ხაზი გაუსვა პროექტის შედეგების მნიშვნელობას და  კმაყოფილება გამოთქვა სააგენტოს გეგმებთან დაკავშირებით ტრენინგების კომპონენტის გაძლიერების შესახებ. მან აღნიშნა, რომ არსებული მიღწევების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დანერგილი საქმიანობები სააგენტოს მიერ მომავალშიც გაგრძელდეს.
Evoluxer-ის კონსორციუმის შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტის, მაია ნებიერიძის  თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდა 3000-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის გადამზადება. ასევე, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ინტენსიურად იყვნენ ჩართულნი სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებს პროცესში.
ბატონმა გიორგი მიშელაძემ პროექტის შედეგები და მიღწევები პოზიტიურად შეაფასა და მადლიერება გამოხატა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და EVOLUXER-ის კონსორციუმის მიმართ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი წინსვლისა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული,  კოოპერაციის სფეროს შემდგომი მხარდაჭერა დონორთა მხრიდან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აღნიშნული სფეროს განვითარებაზე.
კონფერენციას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, EVOLUXER-ის კონსორციუმის, ENPARD-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონის წარმატებული სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ აღნიშნული სფეროს ექსპერტები, მომსახურების მიმწოდებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასოფლო–სამეურნეო და სოფლის განვთარების სფეროებში. კონფერენციის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა საკუთარი პროდუქცია წარუდგინეს.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების“ პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად გარდაქმნა, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების ჩართვა განვითარების პროცესში და სააგენტოს სტრუქტურის დახვეწა მსგავსი ფუნქციების მქონე განვითარებული ევროპული ორგანიზაციების ორგანიზაციული სტრუქტურის მაგალითზე.
ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.  მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge.