(032) 2 293 249‬

ევროკავშირი ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

ევროკავშირი ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

ახმეტა, 22 თებერვალი 2019ევროკავშირი, ორგანიზაციასთან „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ თანამშრომლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტშისოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტი დაიწყება, კერძოდ ახმეტაში, წალკაში, წყალტუბოსა და მესტიაში.
გახსნით ღონისძიებაზე, ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“, ადგილობრივ პარტნიორთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF)“ ერთად, პროექტის მიზნები და სოფლის განვითარების ევროპული მოდელი წარმოადგინა. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და სიღარიბის შემცირება.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, მარსელა მაქსფილდმა, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბექაურმა და პროგრამის მენეჯერმა, გიორგი სანტურიანმა. მოწვეულ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში ENPARD-ის პროექტების ბენეფიციარებმა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლებმა.     
ღონისძებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ახმეტის მუნიციპალიტეტის, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების სექტორის წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობა მიიღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემების წარმომადგენლებმა და პროექტის პოტენციურმა ბენეფიციარებმა.   
ეს პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი მთავრობისა და თემის წევრების თანამშრომლობას, მათი ძალისხმევის გაერთიანებას ადგილობრივი ეკონომიკის გაძიერებისა და დივერსიფიკაციისთვის, ასევე მუნიციპალიტეტში დასაქმების შესაძლებლობების ზრდისთვის. სოფლის განვითარების ეს მოდელი დაფუძნებულია ევროპულ გამოცდილებაზე და იგი საქართველოს სხვა რეგიონებშიც წარმატებით ინერგება. მოუთმენლად ველი პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ ინიციატივებს, რომლებიც ახმეტის მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge