(032) 2 293 249‬

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას სოფლის განვითარების პროცესში

ლაგოდეხი. 9 ოქტომბერი 2019 – სოფლის განვითარების ფართომასშტაბიანი ხელშეწყობის ფარგლებში, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, იწყებს საგანმანათლებლო სემინარებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში. სემინარების მთავარი თემა სოფლის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ადვოკატირებაა.   
სემინარებში, რომლებიც 7-8 ოქტომბერს გაიმართა, ჩაერთო 60-მდე მონაწილე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლი და სამოქალაქო აქტივისტი, ლაგოდეხიდან, თეთრიწყაროსა და  დედოფლისწყაროდან. 2019 წლის ბოლომდე მსგავსი შეხვედრები კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება – ახალქალაქში, ბორჯომში, ყაზბეგში, ქედასა და ხულოში. 
სემინარებს უძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით. 
სემინარების მონაწილეები იღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივიზმისა  და ადვოკატირების შესახებ, რომელიც მათ საზოგადოებრივი კამპანიების ჩატარებისას გამოადგებათ. რვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიების შედეგად უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში, დამყარდეს კონსტრუქტული სამუშაო ურთიერთობა მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივ დონეზე სოფლის განვითარების პოლიტიკის შესაქმნელად  და გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება სოფლის განვითარების კონკრეტული შედეგების მიღწევაზე. 
სამოქალაქო აქტივიზმის კონცეფცია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებულ მიდგომას LEADER.
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge