ევროკავშირი მხარს უჭერს ინსტიტუციურ რეფორმას საქართველოს სოფლის განვითარების სფეროში

ევროკავშირი მხარს უჭერს ინსტიტუციურ რეფორმას საქართველოს სოფლის განვითარების სფეროში

კაჭრეთი. 24 სექტემბერი 2020 – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ოცდახუთამდე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერმა, მონაწილეობა მიიღო ორდღიან სამუშაო შეხვედრაში, სადაც მოხდა საქართველოს სოფლის განვითარების სფეროში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტებთან თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში.
სამინისტრო ახორციელებს მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტურობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრული  და სრული ინტეგრაციის პროცესის მნიშნელოვანი ნაწილია
ევროკავშირის დაფინანსებით, UNDP-ის მიერ, PricewaterhouseCoopers Georgia-სა და ევროპელ კონსულტანტებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ჩამოყალიბდება  სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ახალი სტრუქტურა (წარმმართველი უწყება და გადამხდელი სააგენტო) ადამიანური რესურსების მართვის/სწავლისა და განვითარების განახლებულ მექანიზმთან ერთად.
ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ცვლილებები, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება, გავლენას იქონიებს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციულ ერთეულებზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს არის იმ სტრატეგიის გამოხმაურება, რაც ქვეყანას გააჩნია და რაც გულისხმობს მეტი ევროკავშირი  საქართველოში და მეტი საქართველო ევროკავშირში. ჩვენ გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირის პროგრამებში ოპერატიულად ჩართვისათვის. ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა, გვაქვს  განვითარების სამოქმედო გეგმა;  ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით თანმიმდევრულები. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ინსტიტუციური გაუმჯობესება   ძალიან მნიშვნელოვანია,” განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზეwww.enpard.ge.