ევროკავშირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO 2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტებს გასცემენ

ევროკავშირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO 2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტებს გასცემენ

ევროკავშირის (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსზე შემოტანილ 35 განაცხადს 2 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცდა. კონკურსი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების 40-დან 75 პროცენტამდე თანადაფინანსებას ითვალისწინებს. 
სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში ხორციელდება და COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში სურსათის წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. 
გრანტის მიმღებთა შორის არიან:
  • ფერმერები, რომლებსაც წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟება დაუფინანსდათ, COVID-19-ის საპასუხო პროგრამის ფარგლებში.
  • 24 ბენეფიციარი $50,000-მდე დაფინანსებით, მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესაძენად.
  • 4 მასშტაბური ინიციატივა, რომელთაგან თითოეულმა $150,000-მდე დაფინანსება მიიღო.  პროექტებს შორის არის: რძის საწარმოს აღჭურვა, სილაჟის მწარმოებელი კომპანიის განვითარება, კარტოფილის მოსავლის შესანახი საწყობის მშენებლობა და ვეტერინალური მიმართულების ფაგების წარმოება. აღნიშნული პროექტები სასოფლო-სამეურნეო დარგებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანას ითვალისწინებს, რაც დადებითად აისახება სხვა მცირე და საშუალო ფერმერებზე.
საგრანტო კომიტეტმა გრანტების პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები წლის დასაწყისში უკვე დააკმაყოფილა 2.2 მილიონი ლარით. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის შემდეგი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში გამოცხადდება. კონკურსის თარიღების, განაცხადის წარდგენის, საჭირო თანდართული დოკუმენტაციისა და ხელშეწყობილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად, ევროკავშირს ფერმერთა საგრანტო პროგრამისთვის 18 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. 
FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი ფერმერებს, კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კონკურსში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„ეს კონკურსი შესანიშნავი შანსია მწარმოებლებისთვის, რათა მათ საკუთარი საქმე გააფართოვონ. FAO-ENPARD-ის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს. მათი ინიციატივების განხორციელება სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარების დინამიკას გააუმჯობესებს“, – განაცხადა სანს ალვარესმა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge