(032) 2 293 249‬

ევროკავშირი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

ევროკავშირი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

 

წყალტუბო, 8 ივნისი 2019 – ევროკავშირი, ორგანიზაციასთან „ფიფლ ინ ნიდ“ თანამშრომლობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტი, რომლის სახელწოდებაა „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა; ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იან ჩერნიკმა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა; იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა; საქართველოს პარლამენტის წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა; წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა; ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ დირექტორმა საქართველოსა და სომხეთში, დიონ ბატერსბიმ; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ქაშაკაშვილმა; და პროექტის მენეჯერმა, სალომე ბაკაშვილმა.
“ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველოს სოფლის განვითარებაში ვმონაწილეობთ. სოფლის მოსახლების დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ჩვენს პარნტიორებთან თანამშრომლობის გაგრძელებას მოუთმენლად ველით.  საქართველოში ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, მტკიცედ მჯერა, რომ სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული პროცესი ადგილობრივ მოსახლეობას გააძლიერებს და საკუთარი თემის განვითარებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს. მოუთმენლად ველი, ვიხილო თუ როგორ შეცვლის უკეთესობისკენ წყალტუბოს, ამ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივები.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გახსნით ღონისძიებაზე, ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“, პარტნიორთან „საქართველოს საზოგადო საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA)“ ერთად, პროექტის მიზნები და სოფლის განვითარების ევროპული მოდელი წარმოადგინა. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და სიღარიბის შემცირება.
„წყალტუბოს განვითარება მისი უნიკალური რესურსების წარმოჩენაა, როგორც ბუნებრივი და კულტურული რესურსის, ასევე ადამიანურის. ჩვენი პროექტის მიზანია, რომ წყალტუბოს ბიზნეს, საჯარო და სამოქალაქო სექტორებმა განვითარების ერთობლივი ხედვა შეიმუშაონ და თითოეული თემის და ჯგუფის ინტერესი და უნიკალური შესაძლებლობები გამოვიყენოთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა, სალომე ბაკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, კერძო და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. ასევე, მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა და პროექტის პოტენციურმა ბენეფიციარებმა.   
ღონისძიების ოფიციალურ გახსნას წინ უძღვოდა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესის, ხელოვნების, კულტურის და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge