ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ქსელის ჩამოყალიბებას

ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ქსელის ჩამოყალიბებას

სტეფანწმინდა. 17 აპრილი 2018 – 2018 წლის 16-17 აპრილს, ოცდაათმა ადგილობრივმა ექსპერტმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი სოფლის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ინტერაქტიული სასწავლო სემინარის პროგრამა სოფლის განვითარების სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, მათ შორის, სტრატეგიულ პროგრამირებას, განხორციელებასა და შეფასებას და საქართველოს რეალობაში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენებას.
ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ტრენინგი შედგა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
სოფლის განვითარების ტრენერთა მომზადება შესაძლებლობების გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელიც სოფლის განვითარების კონცეფციის გააზრებას, საერთაშორისო ცოდნის გაზიარებას, დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და სოფლის განვითარების ეროვნულ ექსპერტთა ქსელის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„სოფლის განვითარება აფართოებს ადამიანების შესაძლებლობებს მათ სათემოებსა და რეგიონებში ტრანსფორმაციული ცვლილების მისაღწევად, რომელიც განვითარების, პოლიტიკისა და ორგანიზაციული უნარების სიღრმისეულ გააზრებას უნდა ეფუძნებოდეს. ეროვნული ექსპერტიზის გაზრდა და ექსპერტთა ქსელის ჩამოყალიბება კარგ საფუძველს შექმნის ამ კომპლექსური რეფორმის წარმატებისათვის“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ტრენერთა ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი, ბრიჯით მელმოიერ-ლარქერი, უძღვებოდა. სემინარის მონაწილეებს შორის იყვნენ სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, მათ შორის, სოციალური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პროფესიონალები. მომავალ ტრენერთა ცოდნა და კვალიფიკაცია ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების გატარებას და სოფლის განვითარების კონცეფციის დამკვიდრებას.         
სოფლის განვითარების ხელშეწყობა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გაგრძელდება.   
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge