(032) 2 293 249‬

ევროკავშირის ხელშეწყობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გაიხსნა

ევროკავშირის ხელშეწყობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გაიხსნა

2018 წლის ნოემბერი – ევროკავშირის სოფლის განვითრების პროექტის საგრანტო მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საოჯახო ღვინის მარანი, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი და სადეგუსტაციო დარბაზი გაიხსნა. აღნიშნული ბიზნესინიციატივით შეიქმნა მუდმივი 12, ხოლო სეზონურად 20 სამუშაო ადგილი და კიდევ ერთ ფერმერს მიეცა შესაძლებლობა აწარმოოს და მომავალში ექსპორტზე გაიტანოს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული წესით დაყენებული მაღალი ხარისხის ორგანული ღვინო.
სოფლის განვითარების ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 68,188 ლარის ოდენობით განისაზღვრა, სადაც 29,936 ლარი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ საგრანტო დაფინანსებამ, ხოლო  38,252 ლარი ბენეფიციარის ფულადმა თანამონაწილეობამ შეადგინა.
პროექტის ბენეფიციარს და გამოცდილ ფერმერს, დავით ნასრაშვილს მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში მუშაობის, ვენახის მოვლის, აგრეთვე სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ღვინის დაყენების ცოდნა და ათწლიანი გამოცდილება აქვს. მის საკუთრებაშია 7 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, 8 სახადასხვა ჯიშის ვაზით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დავით ნასრაშვილი დიდი ხანია გეგმავდა ისეთი უძველესი ქართული ღვინის ჯიშების გაცოცხლება-პოპულარიზაციას, როგორიც არის ხიხვი, ქისი, ჟღია, შავკაპიტო, ასევე ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების დანერგვასა და ორგანული ღვინის წარმოება-რეალიზაციას.  
ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი იქნა თანამედროვე დანადგარები და ქალაქის ცენტრში მოეწყო როგორც ევროპული, ისე ტრადიციული, ქვევრის ღვინის მარანი. გაიხსნა ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ვიზიტორთა მისაღები-სადეგუსტაციო დარბაზი, რაც მომავალში ტურისტების მოზიდვასაც უზრუნველყოფს.
საწყის ეტაპზე, ევროპული და ტრადიციული წარმოების ღვინის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. ბიო-სერტიფიცირების მიღების შემდეგ კი დავით ნასრაშვილი ღვინის რეალიზაციას ევროპის ქვეყნებშიც გეგმავს.
სოფლის განვითარების ამ ინიციატივის დაფინანსების შედეგად, მუდმივი წესით დასაქმდა 12 ადამიანი,  მათგან 7 ქალი. სეზონურ სამუშაოებზე, რომელიც 8 თვე გრძელდება, დასაქმებულთა რაოდენობა 20 ადამიანს მიაღწევს, რომელთაგანაც  12 ქალი, ხოლო 4 პენსიონერია.
ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD II-ის ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
პროექტის დახმარებით შემუშავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, შეიქმნა ადგილობრივი  განვითარების ჯგუფი და საგრანტო განაცხადების შეფასების კომისია. საპროექტო განაცხადის შემუშავების ტრენინგის შემდეგ მიღებული 70 სრული განაცხადიდან, წინასწარ შემუშვებული და დამტკიცებული შეფასების მექანიზმზე და ტექნიკური შეფასების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სულ შეირჩა 32 წარმატებული ინიციატივა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge