(032) 2 293 249‬

ევროკავშირის ხელშეწყობით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

ევროკავშირის ხელშეწყობით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 26 დეკემბერი – ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში გაიმართა კონფერენცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების პერსპექტივებზე.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებების შესახებ საერთო ხედვის ჩამოყალიბებას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით სფეროში ფუნქციონირებადი შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან არსებული დაცული ტერიტორიების სააგენტო; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია; თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია; ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია; ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“; კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი;  კავკასიის ბუნების ფონდი; საქართველოს ეკო-ტურიზმის ასოციაცია;  გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; HEKS EPER წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში; კასრისწყალის განვითარების ჯგუფი; KfW; Mercy Corps; NACRES – ბიომრავალფეროვნების; კონსერვაციისა და კვლევის ცენტრი; კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრი; კავკასიის დაცული ტერიტორიების თანადგომის პროგრამა; World Wildlife Fund და სხვები.
ღონისძიებაზე განხილული იქნა არაერთი საკითხი, მათ შორის კლიმატის ცვლილების ზეგავლენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე; ტრადიციული ტურიზმის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე; ნარჩენების მართვა და სხვადასხვა აქტორების პოტენციალი და ძალისხმევა, რომელიც ფლორისა და ფაუნის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზეა მიმართული. კონფერენციაში მონაწილე მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავისი გამოცდილება და ყველაზე წარმატებული განხორციელებული ინტერვენციები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების ეკოლოგიურად ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების მიმართულებების განხილვისას აქცენტი გაკეთდა როგორც ტურიზმის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს მიმართულებების განვითარებასა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე და ტურისტულ მომსახურებაში ჩართული ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე, ტრენინგებსა და გაძლიერებაზე.
განსაზღვრული მიმართულებების პარალელურად, კონფერენციის ფარგლებში შემუშავდა იმ პოტენციური ინტერვენციების სია, რომელიც  შესაძლოა განახორციელოს პროექტმა PROCEED და სხვა აქტორებმა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge