(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის რეგიონული განვითარების პროექტის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები ეთნიკური უმცირესობებისთვის

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალქალაქის რეგიონული განვითარების პროექტის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები ეთნიკური უმცირესობებისთვის

2019 წლის 9 ოქტომბერი, ახალქალაქი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (Gulf Georgia) და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების მხარდაჭერა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებით. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალაქალაქში“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები  გაიმართება, სადაც ძირითადი აქცენტი ახალგაზრდებსა და ქალებზე გაკეთდება.  
ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართა და მას ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრის წარმატებული ბენეფიციარები. ურთიერთობის ფორმატი შემუშავდა GIPA–ს მიერ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და Gulf Georgia–სთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე.
“ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში ამ მემორანდუმის ხელმოწერა არის სიმბოლური აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელობას. მრავალეთნიკურობა მუდამ იყო საქართველოს სიძლიერე, რომელიც ეფუძნება ქართველი ხალხის პატრიოტულ სულისკვეთებას. დღეს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მეგობრების, აკადემიის და კერძო სექტორის მხარდაჭერით ხელი უნდა შევუწყოთ ინტეგრირების და აღმავლობის პროცესს, “ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ.
ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ეწვევიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს და ეკვილიბრიუმის პროექტის ფარგლებში დაარიგებენ ქართულ და ინგლისურ წიგნებს. ადგოლობრივი მოსახლეობისათვის გაიხსნება  ხელოვნებისა და კულტურის უფასო საკვირაო სკოლები.  
”Gulf Georgia, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს. ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ინიციატივის მონაწილეები“, – ხაზგასმით აღნიშნა Gulf Georgia–ს წარმომადგენელმა.
”GIPA, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ყოველთვის მზადაა, შეიმუშაოს და განახორციელოს ინოვაციური პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ძირითადი პრობლემების მოგვარებას.  ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრირების წახალისება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით, ჩვენი პრიორიტეტია. მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და Gulf Georgia მიმართ ამ ინიციატივაში შეტანილი წვლილისათვის. ეკვილიბრიუმის პროგრამაში მონაწილეობა და ახალქალაქის ეთნიკური უმცირესობებისათვის გახსნილი საკვირაო სკოლები მართლაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის მსოფლიო კულტურებსა და განათლებას“, – განაცხადა ნანა ქაშაკაშვილმა, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (DRDVE / GIPA).
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. 
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge