(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ხულოს განვითარების ჯგუფი საოჯახო სასტუმროს ოპერატორებს გადაამზადებს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ხულოს განვითარების ჯგუფი საოჯახო სასტუმროს ოპერატორებს გადაამზადებს

15 ოქტომბერი 2019, ხულო – ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ხულოს განვითარების ჯგუფი (LAG) პროექტს „საოჯახო სასტუმროებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ იწყებს. პროექტის მიზანია მომსახურების, მართვის და მარკეტინგის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტის საოჯახო სასტუმროების მფლობელების ცოდნის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება 13 საოჯახო სასტუმროს მეპატრონე. პროექტის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს. იგი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში თანადაფინანსებით. 
„მსგავსი სახის პროექტები საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ LAG-ი ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ორგანიზაციად და გააგრძელოს აქტიური მუშაობა ENPARD-ის პროექტის დასრულების შემდეგ. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და ვაგრძელებთ უფრო აქტიურ მუშაობას,“ – განაცხადა ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ და პროექტის კოორდინატორმა, როდამ შავაძემ.  
პროექტის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: საოჯახო სასტუმროს მართვა, მომსახურება და მარკეტინგი; შემუშავდება სპეციალური გზამკვლევი „როგორ მოვაწყო და განვავითარო საოჯახო სასტუმრო“; მომზადდება ვიდეორგოლი საოჯახო სასტუმროს ბიზნესის კარგი პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, ადგილობრივი წარმატებული საოჯახო სასტუმროს მფლობელების მიერ. პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყობა სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში ყაზბეგსა და მესტიაში, საოჯახო სასტუმროს მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალები ხელმისაწვდომი იქნება, ონლაინ მისამართზე – Khulolag.ge. 
„ამ პროექტის ფარგლებში გავიუმჯობესებ საოჯახო სასტუმოს მართვის უნარებს, ასევე გავეცნობი წარმატებულ პრაქტიკებს, რაც საშუალებას მომცემს განვავითარო ჩემი საოჯახო სასტუმრო, მოვემსახურო უფრო მეტ სტუმარს, შესაბამისად მივიღო მეტი შემოსავალი,“ – განაცხადა პროექტის მონაწილემ, რიმა ბოლქვაძემ.
ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ვროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge