(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ცენტრმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა

4 ოქტომბერი 2019, ახალქალაქი – ქართული და ინგლისური ენის გაუმჯობესება ადგილობრივ მოსახლეობაში ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სასწავლო ცენტრის მიერ გამართული ტრენინგების ძირითად მიზანს წარმოადგენს. 28 ახალგაზრდას, რომელთაც ენების სწავლების კურსი წარმატებით გაიარეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ახალქალაქის LAG-ის სასწავლო ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში გაიმართა. 
სამიზნე აუდიტორიად ახალგაზრდები და ქალები შეირჩა. კურსების მსვლელობისას სწავლების ინოვაციური მეთოდოლოგია და ცნობილი ქართული და ინგლისურენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო მასალების გამოყენება მოხდა. პროგრამის შინაარსი და სილაბუსი ეთნიკურ უმცირესობათა სპეციფიკის გათვალისწინებით მომზადდა. კურსს უძღვებოდა GIPA-ს პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნათია ჭიღვარია.
“სოციალური პროექტები რომელთა ძირითად მიზანს განათლება წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანია ახალქალაქისთვის. ბუნებრივია, ინტერესი აღნიშნული კურსის მიმართ, მაღალია.  თუმცა, ენობრივი ბარიერი, ინოვაციური და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების ნაკლებობა დიდ გამოწვევას წარმოადგენს მუნიციპალიტეტში”– აღნიშნა მოწვეულმა ლექტორმა.
ასევე, ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIPA-სა და ახალქალაქის საგანამანათლებლო რესურს ცენტრს შორის. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სასკოლო ტესტების მომზადება საქართველოს ეთნიკური მოსახლეობისთვის. LAG-ის სასწავლო ცენტრი მრავალ საინტერესო პროექტს და ინიციატივას შეთავაზებს ადგილობრივ მოსახლეობას, ზემოთაღნიშნული კი მხოლოდ დასაწყისია.
“ინგლისურის, როგორც საერთაშორისო ენისა და ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა,   ინტეგრაციის, თვითაგანვითარების და კარიერული ზრდისათვის მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია” – აღნიშნა პროგრამის მენეჯერმა ნანა ქაშაკაშვილმა.
“ჩემს თანატოლებს ვურჩევ  შემოუერთდნენ GIPA-სა და LAG-ის ასეთ საინტერესო და ინოვაციურ წამოწყებას. ენების შესწავლასთან ერთად ურთიერთობას ვსწავლობთ.  ვსწავლობთ თამაშით, ვსწავლობთ ხალისით, რაც სრულიად ახალია ჩვენთვის” – ჰერმინე სოგოიანი, ქართული ენის კურსის მონაწილე.
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. 
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge