(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარამ სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირის მხარდაჭერით აჭარამ სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

ბათუმი. 28 თებერვალი 2018 – ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭომ დაამტკიცა რეგიონის სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 214 მლნ ლარს აჭარბებს. გეგმაში აღწერილია პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც  მომავალი სამი წლის მანძილზე განხორციელდება სოფლის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტისა და ხარისხის გაუმჯობესების, სოფლად  აქტიური, მოქნილი და  მეწარმეობის უნარის მქონე თემების ჩამოყალიბების, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებისა და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით.
ამ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგად აჭარის სოფელი გაუმკლავდება იმ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, რომლებიც აღწერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების 2016-2020 წლების სტრატეგიაში.
„სოფლის მეურნეობა აჭარის ეკონომიკის ერთერთი საკვანძო სექტორია, მაგრამ, ცალკე აღებული, ის არაა საკმარისი სოფლის ყველა მოსახლისათვის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობების შესაქმნელად. სოფლის ყოვლისმომცველი და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ.  
სამოქმედო გეგმაში აღწერილი კონკრეტული ინიციატივების გათვალისწინებით, 2018-2020 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობა ხელს შეუწყობს სოფლად ისეთი არაფერმერული საქმიანობის  განვითარებას, როგორიცაა მომსახურება (სავაჭრო ობიექტები, სახელოსნეოები, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ), აგროტურიზმი (ნადირობა, თევზჭერა, ისტორიული ძეგლების მონახულება) და გადამამუშავებელი საწარმოები. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობების სიცოცხლისუნარიონობისა და კონკურენტულობის გაზრდას და ინოვაციური ფერმერული ტექნოლოგიების სტიმულირებას.
სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოგვარებას, მათ შორის ტყეების მდგრად მართვას, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების კონსერვაციას, სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ განვითარებას.
სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია სამოქალაქო და სათემო მონაწილეობისა  და  სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების, მათ შორის LEADER მიდგომის, დანერგვის მნიშვნელობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.  
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი 2013-2019 წლების ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge