(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პარტნიორები საქართველოში სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფენ

ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პარტნიორები საქართველოში სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებებს გამოყოფენ

25.05.2018 – ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის შედეგად, სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტულ მიმართულებებად რძისა და ხორცის პროდუქტები, ასევე ხორბლი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილი გამოვლინდა. ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის ფარგლებში, FAO-ს ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის განვითარების და უფრო ინკლუზიური და მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში (ლაგოდეხი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ბორჯომი, ქედა, ხულო) მოსამზადებელი კვლევითი საქმიანობა განახორციელეს.   
სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად და მხარდასაჭერად, FAO-ს მიერ რეგიონებში არაერთი საველე ვიზიტი და ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ანალიზი FAO-ს ექსპერტებმა დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ENPARD-ის პარტნიორებს გააცნეს. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი დაკვირვებები და გამოცდილება, რაც FAO-ს ექსპერტებს საშუალებას მისცემს საბოლოო სახით ჩამოაყალიბონ ზოგადი ხედვა და სტრატეგია აღნიშნული რვა მუნიციპალიტეტის მახასიათებლებისა და სოფლის მეურნეობის მხრივ მათი პოტენციალის გათვალისწინებით.  
„დღეს, FAO-ს ექსპერტთა ჯგუფმა რვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები წარმოადგინა. პარტნიორებისგან მიღებული შეფასებების, კომენტარებისა და ხედვების გათვალისწინებით მოხდება აღნიშნული კვლევის გადახედვა. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობისა და სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ უფრო სრული და ყოვლისმომცველი სურათის შესაქმელად,“ – განაცხადა FAO-ს ENPARD-ის პროექტის ოფიცერმა, ხავიერ სან ალვარესმა.
პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის მხარდამჭერი სისტემებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შესაქმნელად, FAO შეიმუშავებს სტრატეგიულ მიდგომას. წარმოდგენილი კვლევა მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში FAO-ს მიერ დაგეგმილი საპილოტე აქტივობების განსახორციელებლად, როგორებიცაა ფერმერებისთვის სადემონსტრაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში ასევე გაიცემა გრანტები ფერმერების, სოფლად მეწარმეების, კოოპერატივების და მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერეი, სოფლის მეურნეობის ატაშე, კრისტინა კასელა აღნიშნავს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. “უკვე მრავალი წელია ჩვენ მნიშნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებაში, პოლიტიკის გაუმჯობესებასა და ინოვაციური პროგრამების განხორციელებაში. ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ ამ დახმარებას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლის განვითარებას,” განაცხადა ქალბატონმა კასელამ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge