(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს განვითარების ჯგუფმა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

2018 წლის 23 ივლისს, ხულოს განვითარების ჯგუფმა (LAG) ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II)  და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, პროექტის: „სოფლის განვითარებისადა დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს   ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელსა (HMRR) და PMC-ის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით.
ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS) უზრუნველყოფს კონცეპტუალურ სქემას მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. LDS-ი შემუშავდა ადგილობრივ თემებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნეს სექტორსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან ფართო კონსულტაციებზე დაყრდნობით. დოკუმენტი დაიგეგმა LEADER-ის მიდგომის გამოყენებით, რაც სოფლის თემებს უზრუნველყოფს ინსტრუმენტით – დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ განვითარებაში.
2018 წლის 25 ივლისს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ერთად მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ხულოს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი გააცნო.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში ასახული ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების და თითოეულ პრიორიტეტთან დაკავშირებული ამოცანებისა და აქტივობების გაცნობა. შეხვედრაზე ასევე გაკეთდა საგრანტო სახელმძღვანელოს მოკლე პრეზენტაციაც.
შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, ბატონო გოჩა მელაძე, მერის მოადგილე ბატონი ლაშა ბოლქვაძე, მერიის სხვადასხვა სამსახურის წამომადგენლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ENPARD ხულოს წარმომადგენლები და LAG-ის წევრები.
ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ხულოს LAG-ის აქტიურმა წევრმა გურამ აბულაძემ გააკეთა. მან ისაუბრა სტრატეგიის ძირითად კომპონენტებზე როგორიცაა: LAG და LEADER მიდგომა, საზოგადოების ჩართულობა, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, ინოვაცია და კავშირების დამყარება, რისკის საერთო ანალიზი, კომუნიკაცია და საჯაროობა, მონიტორინგი და შეფასება. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის ექვს პრიორიტეტულ მიმართულებაზე, ესენია:
  • ტურიზმი სოფლად
  • სოფლის მეურნეობა
  • კომუნალური ინფრასტრუქტურა
  • კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა
  • არასასოფლო სამეურნეო მეწარმეობა
  • გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა
პრეზენტაციის ბოლოს მოეწყო კითხვა პასუხის სესია და მონაწილეებმა ყველა კითხვაზე მიიღეს ამომწურავი პასუხი. მუნიციპალიტეტის მერმა ბატონ გოჩა მელაძემ თანამშრომლებს მოუწოდა გაცნობოდნენ სტრატეგიას საფუძვლიანად და LAG-ის წარმომადგენლებს სტრატეგიის განხორციელების პროცესში მერიის აქტიურ ჩართულობას დაპირდა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
დანართი:
ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია