(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ხულო FEST -ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ხულო FEST ჩატარდა

2019 წლის 25 აგვისტოს დაბა ხულოში ხულო FEST გაიმართა.  ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების გამოფენა-გაყიდვას. პარალელურად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა („არგინეთი“, „საციხური“, „ბერმუხა“, „ციცინათელა“) ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული მუსიკა შესთავაზეს.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ხულოში მოყვანილი და წარმოებული სხვადასხვა  სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: თაფლი, ყველი, ხილი, ჩირი და ა.შ ასევე, გაიმართა სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები, როგორებიცაა: საზამთროს სწრაფად ჭამა, ვიქტორინა ხულოს მუნიციპალიტეტის შესახებ, ბუშტების სწრაფად დაბერვა, ტომრებით ხტომა და ა.შ.
„ხულო FEST“-ის სტუმრების გართობაზე იზრუნეს და სასიამოვნო მუსიკა შესთავაზეს მოწვეულმა ბენდებმა FOURTH SEASON და ASEASOOL, ღონისძიება კი დასრულდა ელექტრონული მუსიკით.
„ხულო FEST“-ი მეორედ ჩატარდა და უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის და სერვისების პოპულარიზება. ფესტივალი ინიცირებულია ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, ამასთანავე ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული მომზადების პროცესში, პროექტის დასრულების შემდეგ კი ფესტივალს სრულად ხულოს მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ორგანიზაციებმა: საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“; „ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“; „გოდერძის ალპური ბაღი“; საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ- მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიურო; „მწვანე სექტორი“ და „ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი“.
„ხულო FEST“-ი განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG),  ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge