(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ქედაში საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის პროექტის წერის სასწავლო კურსი ჩატარდა

2018 წლის 20-28 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაბა ქედაში, ENPARD-ის სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის 75 მონაწილისგან შემდგარი სამი ჯგუფისთვის, პროექტის წერაში ორდღიანი სასწავლო კურსები ჩატარდა.
კურსი მიზნად ისახავდა საგრანტო კონკურსის მონაწილეებში პროექტის წერისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერებას და მოიცავდა სრული განაცხადის ფორმაში არსებულ ისეთ საკითხებს როგორიცაა: არსებული სიტუაციის მიმოხილვა, მიზნები, ამოცანები და აქტივობები, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმარება და ა.შ. აღნიშნული საკითხების გარდა განხილულ იქნა საგრანტო კონკურსის მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები. ტრენინგი შექმნილია ზრდასრულთა განათლების მეთოდების გამოყენებით, რაც განაპირობებს მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
სასწავლო კურსი ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
აღნიშნული ტრენინგი მეხუთე საგანმანათლებლო აქტივობაა ადგილობრივი თემების  შესაძლებლობების განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში, სულ 12 ტრენინგია დაგეგმილი სხვადასხვა თემაზე, რათა მოხდეს როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა,  ასევე პოტენციური გრანტის მიმღებთათვის სხვადასხვა სფეროში ცოდნის და უნარების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სოფლის განვითარების კონკურსში სრული განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 იანვრამდე.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge.