(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება

26 მარტი 2019, თბილისი – ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.  
ღონისძიება შედგება თბილისში, სასტუმრო ‘რედისონ ბლუ ივერიაში’, 09:30-დან 17:15 საათამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.
კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის ‘მერსი ქორფსის’ მისიის დირექტორი ირაკლი ქასრაშვილი და ELARD-ის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიინა ტამეცი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის სოფლის მეურნეობის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატების წარმომადგენლები, ასევე ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) და ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები.
კონფერენცია იმართება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. ღონისძების ორგანიზატორია ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია ‘მერსი ქორფსი’ (Mercy Corps), ევროპის სოფლის განვითარების LEADER ასოციაციასთან (ELARD), ‘ქეა-ავსტრიასთან’ (Care Austria), ჩეხურ ორგანიზაციასთან ‘ფიფლ ინ ნიდ’ (People in Need) და საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG) პარტნიორობით.
პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების გაძლიერება საქართველოში“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 3,3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს სოფლის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის განხორციელების გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
საკონტაქტო პირები:
  • ლიკა მარღანია, მერსი ქორფსი,  ENPARD-ის პროექტი, lmargania@mercycorps.org, +995 599 912112
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, 595 989916, tamar.k@actionprgroup.com