(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროში DCFTA-ს საინფორმაციო კუთხე საზეიმოდ გაიხსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროში DCFTA-ს საინფორმაციო კუთხე საზეიმოდ გაიხსნა

თეთრიწყაროში,  RDFG-ს ოფისში DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) საინფორმაციო კუთხე გაიხსნა. შედეგად ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები თეთრიწყაროს მოსახლეობას DCFTA-ს შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, აუხსნიან, თუ როგორ უნდა მოიყვანონ საკუთარი პროდუქცია შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და შეძლონ წვდომა ევროპულ ბაზარზე. შეხვედრას თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება, ევროკავშირის მხარდაჭერით PIN-ის პროექტის „რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზე რეგიონში მცხოვრები სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრის დასაწყისში, თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ტიკურიშვილმა და PIN-ის წარმომადგენელმა, სოფიო გოდუაძემ საზეიმოდ მოაწერეს ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ზემოთხსენებული მიზნის განხორციელებას ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩაუდგება სათავეში.
ნინო ტიკურიშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმებამდე, პროექტში ჩართულ მხარეებთან ერთად თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის  მმართველობითი საბჭოს ორმა წევრმა, გიორგი გაიოზაშვილმა და ლიანა დემეტრაშვილმა სპეციალური გადამზადება გაიარეს.
„პროექტის ფარგლებში, LAG-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, სადაც დეტალურად გაიარეს ის საკითხები, რის შესახებაც თეთრიწყაროს მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. შედეგად RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისში მომზადდა საინფორმაციო კუთხე, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს მიიღონ საჭირო ინფორმაცია და კონსულტაციები წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის გზებისა და ხერხების შესახებ. ეს  ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ვფიქრობ, ეს ადგილობრივი მეწარმეებისთვის დიდი სტიმული იქნება, მითუმეტეს, რომ რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა მათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოების საშუალებას აძლევს, რაც ასე მოთხოვნადია ევროპის ბაზარზე“ – განაცხადა ნინო ტიკურიშვილმა
თეთრიწყაროში DCFTA-ს საინფორმაციო რესურს კუთხე უკვე ფუნქციონირებს, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ RDFG-ს თეთრიწყაროს ოფისს (ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი) ყოველ სამშაბათს 12:00 – 15:00 საათამდე და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე –tetritskarolag@gmail.com
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი (LAG) RDFG-ს პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. პროექტი  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო