(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის ხელშეწყობით სოფლის განვითარების სემინარები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის ხელშეწყობით სოფლის განვითარების სემინარები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა

მცხეთა. 3 აპრილი 2018 – რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს 10 რეგიონიდან მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო სემინარებში სოფლის განვითარების საკითხებზე. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მისი ერთერთი დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც 20-მდე მონაწილე ესწრებოდა, 2018 წლის 3 აპრილს მცხეთაში გაიმართა.
საქართველოს სოფლის ეკონომიკას განვითარებისა და ინოვაციის დიდი პოტენციალი აქვს. სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ადგილობრივი განხილვების  შედეგად ახალი შესაძლებლობები და ცვლილების ეფექტიანი ინსტრუმენტები გამოიკვეთება“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.    
საინფორაციო სემინარები პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ტექნიკური ორგანიზებით მიმდინარეობდა. მათი მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერების ამაღლება საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ და მისი შესაძლებლობების გაზრდა ამ პოლიტიკის წარმატებული განხორცილებისათვის. სულ სემინარებში მონაწილეობა მიიღო 64 მუნიციპალიტეტის დაახლოებით 170-მა ადგილობრივმა საჯარო მოხელემ მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, ქვემო სვანეთიდან, სამეგრელო – ზემო სვანეთიდან, გურიიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან.
სოფლის განვითარება კომპლექსური ტრანსფორმაციული ძალისხმევაა. მისი წარმატება რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს, რადგან სწორედ ადგილობრივი გადაწყვეტილებები ყველაზე ახლოსაა ადამიანებთან და მათ საჭიროებებთან“, – აღნიშნა კახაბერ გულედანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.  
სემინარების მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების სტრატეგიულ როლზე ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება, სოციალური და საზოგადოებრივი მომსახურების გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კლიმატის ცვლილება და მოქალაქეთა ჩართულობა. მათ ასევე განიხილეს საქართველოს მიღწევები სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება სოფლის განვითარების სფეროში და საქართველოს რეალობაში ამ გამოცდილების გამოყენების პერსპექტივები.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ სოფლის განვითარება ქმედითი მოდელია ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო მისი წარმატებისათვის აუცილებელია ეფექტიანი პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა. სემინარების მონაწილეებმა იმსჯელეს მოქალაქეთა ჩართულობის ევროპული მოდელზე LEADER და მეტი ინფორმაცია მოითხოვეს რვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპილოტე პროექტებზე, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.
სემინარებზე გამართულ მსჯელობას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გაგრძელდება.   
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge