ევროკავშირისა და FAO-ს ხელშეწყობით, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომელიც ფერმერებს წარმოების ხარისხის და სტანდარტების გააუმჯობესებაში დაეხმარება

ევროკავშირისა და FAO-ს ხელშეწყობით, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომელიც ფერმერებს წარმოების ხარისხის და სტანდარტების გააუმჯობესებაში დაეხმარება

საქართველოში თესლის მწარმოებლებისა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია (GEOSSA) დაფუძნდა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სათესლე და სანერგე მასალების წარმოების განვითარებას და, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათი სერტიფიცირების ხელშეწყობას. ასოციაცია ევროკავშირის (EU) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხელშეწყობით შეიქმნა პროექტის “ევროკავშირის ინოვაციური ინიციავიტა საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის” ფარგლებში.
სოფლის მეურნეობის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივი სათესლე და სანერგე მასალების დაბალი ხარისხია, რაც განპირობებულია სერტიფიცირებული წარმოების არარსებობით. აღნიშნული მიზეზის გამო, ბევრი ფერმერი იმპორტირებულ ნერგებსა და ჩითილებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფასი თითქმის ორჯერ უფრო მაღალია, ადგილობრივი მწარმოებლების მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით. ასოციაციის (GEOSSA) წევრები ქართული სათესლე და სანერგე მასალების მწარმოებლები არიან, რომელთა დღის წესრიგში ზემოთ ხსენებული პრობლემის მოგვარებაა. ასოციაცია კერძო სანერგე მეურნეობებს და სათესლე მასალების მწარმოებლებს დაეხმარება წარმოების ხარისხის დახვეწაში. ამასთან, ასოციაცია ხელს შეუწყობს შიდადარგობრივ თანამშრომლობას და დაიცავს მწარმოებელთა ინტერესებს სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე.
ასოციაციისა და ჩართული მხარეების მიერ განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სერტიფიცირების სტანდარტების დანერგვის პროცესს. ამ ძალისხმევის შედეგად, სფეროს მონაწილეები შეძლებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული და 100%-ით ჯანმრთელი ნერგების წარმოებას და რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ამასთან, მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ექსპორტზე გაიტანონ ადგილობრივად წარმოებული სათესლე და სანერგე მასალები.
,,სანერგე მასალების ხარისხი და წარმოების პროდუქტიულობა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სტანდარტული სერტიფიცირების სისტემა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისაგან თავის დასაცავად, არამედ მცენარეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვისაც. გარდა ამისა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება მნიშვნელოვანია ევროკავშირში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ქართული ნერგების ექსპორტზე გასატანად. სექტორში ჩართულმა მხარეებმა მჭიდროდ უნდა ვითნამშრომლოთ და ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ. ახლადშექმნილი ასოციაცია ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის და ძალისხმევისთვის კარგი პლატფორმა იქნება,” განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების თემატურმა კოორდინატორმა, დომინიკ პაპენჰეიმმა.
‘’სასოფლო-სამეურნეო სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივად წარმოებული სათესლე და სანერგე მასალების ხარისხის უზრუნველყოფა, რათა ფერმერები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ ფერმებში შეტანილი მასალების ხარისხში. ასოციაციამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სათესლე და სანერგე მასალების მწარმოებელთა ძლიერი კერძო სექტორის ჩამოყალიბებაში.  საქართველოში მცენარეთა ძალიან ბევრი ადგილობრივი სახეობაა, რითაც ქვეყანას შეუძლია იამაყოს და სხვა ქვეყნების ფერმერებიც დააინტერესოს. დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა’’, აღნიშნა, ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-სა და ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.
საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია თავდაპირველად ათი ქართული კერძო სანერგე მეურნეობის მიერ დაფუძნდა. ასოციაცია აქტიურად იმუშავებს სხვა ადგილობრივ თესლის მწარმოებლებსა და სანერგე მეურნეობებთან, რათა ისინიც შემოუერთდნენ გაერთიანებას. ამასთან, დადგინდება სხვა ძირითადი საჯარო და კერძო სექტორის მონაწილე მხარეები და მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი მათი ურთიერთთანამშრომლობა.
‘’მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს და FAO-ს ჩვენი ასოციაციის შექმნაში დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით საქართველოში განვითარდება სერტიფიცირებული სათესლე და სანერგე მეურნეობები, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა მწარმოებლებს შორის და ისინი შეძლებენ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისევე როგორც, პროდუქტის ექსპორტზე გატარას’’, – განაცხადა ბატონმა ბერდია სილაგაძემ, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ.
COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ასოციაციის პრეზენტაცია ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა.  დამფუძნებელი სანერგე მეურნეობებისა და დონორი ორგანიზაციების გარდა, პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა და კლასტერის პოტენციურმა მონაწილე მხარეებმა, რამაც ჯამში ორმოცდაათზე მეტი მონაწილე შეადგინა.
‘’ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში’’ გახლავთ ერთობლივი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO). პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მეწარმეობის სფეროს ხელშეწყობა და ბიზნესის სფეროს განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობათა განვითარების გზით, რათა განვითარდეს და ამუშავდეს კლასტერები და განხორციელდეს სტრატეგიული ინვესტიციები კომპანიებში.