(032) 2 293 249‬

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ყაზბეგში აგროფესტივალი გაიმართა

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ყაზბეგში აგროფესტივალი გაიმართა

8 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი  „ფუძეობა“ და ფერმერთა აგროფესტივალი.
აგროფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში შედგა.
ღონისძიებას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ. „დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დიდი სახალხო დღესასწაულია – ყაზბეგობა. ღონისძიებების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს  ერთის მხრივ მოვახდინოთ ქართული კულტურის, ხელოვნებისა და პროდუქციის პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში” – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა 30 ქართველი მეწარმის პროდუქცია, მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება.
ჩატარდა ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტულ-გასართობი აქტივობები.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი და უცხოელი ვიზიტორები დაესწრნენ. დღის ბოლოს კი გალაკონცერტი გაიმართა.