(032) 2 293 249‬

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო სისტემა გაძლიერდება

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო სისტემა გაძლიერდება

08/06/2018 – ქართველი ფერმერებისთვის, დარგის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის თანამედროვე აგროსახელმძღვანელოებისა და წიგნების ელექტრონული ბიბლისოთეკა შეიქმნება. ეს სწორედ ის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარე საკითხია, რომლის განხორციელების კონკრეტულ გეგმებზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ექსტენციის სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმსჯელეს. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისების დანერგვა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია FAO-ს პროექტის, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.  
2017 წელს მიღებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და ცოდნის გადაცემის გზით. ასევე,  რეგიონებში არსებული, ფერმერთა 59 საინფორმაციოსაკონსულტაციო ცენტრის განვითარება და ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურებად ჩამოყალიბება.
ექსტენციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა და რომელიც სამინისტროს, FAO-ს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, დღეიდან ექსტენციის ეროვნული სტრატეგით განსაზღვრულ ღონისძიებებს დაგეგმავს და განახორციელებს.
დღევანდელ სხდომაზე, ელექტრონული ბიბლიოთეკის გარდა, განიხილეს: ექსტენციის საკომუნიკაციო პროგრამა, ექსტენციის მასალების შეფასების მეთოდოლოგია და არსებული მასალების აღრიცხვა. ასევე, მსჯელობა შეეხო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების შეფასება და ფერმერებისთვის გაწეული კონსულტაციების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შექმნა.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge