(032) 2 293 249‬

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განახლებული სამუშაო დოკუმენტი პარტნიორებთან ერთად განიხილა

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განახლებული სამუშაო დოკუმენტი პარტნიორებთან ერთად განიხილა

1 ნოემბერი 2019, თბილისი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს საჯარო კონსულტაციებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის  2018-2020 წლების სტრატეგიის განახლებული ვერსიის მისაღებად. სამუშაო დოკუმენტი ძირითადი საერთაშორისო, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარედგინათ. ექსტენციის განახლებული სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის ხარჯთეფექტური მიწოდების გზით. ამ მიზნის მიღწევა გათვალისწინებულია საქართველოში არსებული 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის გარდაქმნით ფერმერთა რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის თანამედროვე სამსახურებად. 
სტრატეგიის დოკუმენტის შესახებ დისკუსია გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ექსტენციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ხანიშვილმა,  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ და FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და FAO-ს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შემუშავებაში აქტიური მხარდაჭერისთვის და ყურადღება აგრარული დარგის განვითარებაში ექსტენციის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს როლზე გაამახვილა. „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, უზრუნველყოფს სტრატეგიის სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას “, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
ჟორჟ დეუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება სამინისტროს გადაწყვეტილებას, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართოს ყველა დაინტერესებული მხარე. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტრატეგიის ინკლუზიურობა და რელევანტურობა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორში მიმდინარე ცვლილებების ფონზე.
FAO-ს და სამინისტროს ექსპერტებმა შეხვედრაზე სასოფლოს-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიაში ინიცირებული ცვლილებები მიმოიხილეს. მათ შორისაა, ინიციატივა სადემონსტრაციო ნაკვეთების ეროვნული ქსელი შექმნის შესახებ, რომელიც. ქსელი საქართველოს მასშტაბით 276 კერძო და საჯარო სასოფლო-სამეურნეო მიწის საჩვენებელ ნაკვეთს გააერთიანებს. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ფერმერთა სწავლებისა და კონსულტაციების პროცესები წრიმართება. სტრატეგიის დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია ფერმერთა საზოგადოებრივი საბჭოების  – ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა, და ექსტენციის პროცესებში კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალი ინსტიტუციური მენეჯმენტი.
ღონისძიების მონაწილეების – სამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარები დოკუმენტთან დაკავშირებით, ექსტენციის სამუშაო ჯგუფის მიერ შეიკრიბება, დამუშავდება და სამომავლოდ სტრატეგიის განახლებულ დოკუმენტში აისახება.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის  2018-2020 წლების სტრატეგიის განხორციელების საპილოტე ლოკაციები რაჭა-ლეჩხუმი და გურია იქნება. ეს ორი რეგიონი მიწების სიმჭიდროვის, ფერმერული დასახლებების, ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოსთვის დამახასიათებელი ტიპური კლიმატის კრიტერიუმებით შეირჩა. ასევე გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონებში საერთაშორისო დონორების აქტიური მუშაობა. სამომავლოდ დაგეგმილია საპილოტე რეგიონები გაფართოება და საბოლოოდ მთელი საქართველოს დაფარვა.
აღნიშნული სტრატეგიით გათვალისიწინებული, არსებული 54 სინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, ჩამოყალიბდა ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. ევროკავშირის დახმარებით ექსტენციის სისტემა ასევე შეიქმნა აჭარის ა/რ 5 მუნიციპალიტეტისთვისაც. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბაზრო შესაძლებლობების  შესახებ კონსულტაცია დღემდე დაახლოებით 300,000 მცირე ფერმერს გაეწია.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს).  ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge