ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, საქართველოში ორი ეკრანული სათბური აშენდა

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, საქართველოში ორი ეკრანული სათბური აშენდა

ევროკავშირი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), EU4Business პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერენ საქართველოში  სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვას, რათა გაუმჯობესდეს ქვეყანაში წარმოებული სათესლე და სარგავი მასალის ხარისხი და ფიტოსანიტარიული პირობები,  ქართული სანერგეები მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და ადგილობრივ მწარმოებლების მიმართ სანდოობის ხარისხი გაიზარდოს. გასამრავლებელი მასალების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს აგროსექტორის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან ხარისხიანი ნერგით შესაძლებელია მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევა.
საქართველოში არსებული ხეხილის  და ენდემური ვაზის ჯიშების ეროვნული საცავის შექმნის მიზნით, სოფელ ჯიღაურაში, ევროკავშირისა და FAO–ს ხელშეწყობით, ორი  უმაღლესი სტანდარტის  ეკრანული სათბური აშენდა. ნაგებობები, რომლებშიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკი განთავსდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა.
800მ² ფართობზე აშენებული ეკრანული სათბურები საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ იქნას შენახული როგორც ქართული ენდემური ვაზის, ისე ევროპული ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა  ჯიშები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრს საშუალება ექნება გასამრავლებელი  მასალები გადასცეს კერძო სექტორს, რათა სანერგეებმა შეძლონ გაამრავლონ და აწარმოონ ხარისხიანი და სერტიფიცირებული ნერგები, რომლებიც შემდგომ გაიყიდება ფერმერებსა და მეწარმეებზე.
გარდა ინფრასტრუქტურისა (ეკრანული სათბურები), რომელიც უზრუნველყოფს  მცენარეთა ჯიშების მწერებისა და ვირუსის შესაძლო გავრცელებისგან დაცვას, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FAO-ს პროექტი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პერსონალის ტექნიკურ გადამზადებას, რათა  შესძლონ ინფრასტურქტურისა და მცენარეთა  გენბანკის სრული რესურსების სათანადო მოვლა-შენახვა.
„FAO-ს და ევროკავშირის დახმარებით აშენებული ეკრანული სათბურები იქნება მთავარი საცავი  ქვეყანაში არსებული ხარისხიანი გასამრავლებელი მასალების, მათ შორის, ენდემური ჯიშების. ეს ხელს შეუწყობს ხარისხის გაუმჯობესებას ნერგებისა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის, ნერგების ხარისხი ხომ უმნიშვნელოვანესია სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებისთვის. სათბურ-იზოლატორების აშენება ევროსტანდარტებთან შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა.
პროექტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით კერძო სანერგეებისა და გასამრავლებელი მასალების მწარმოებლების ჯგუფს.   თესლისა და ნერგების მწარმოებელთა ასოციაცია, GEOSSA, 2020 წელს შეიქმნა და აქტიურად მუშაობს სექტორის გაძლიერების მიმართულებით. სექტორით დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ასოციაცია უზრუნველყოფს კერძო და საჯარო მხარეებს შორის რეგულარულ დიალოგს, რათა აქტიურად მოხდეს სექტორში არსებული ტენდეციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება.
FAO-სა და გაეროს სააგენტოების (UNDP, IOM, UNIDO) ერთობლივი პროგრამა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ 2018 წელს დაიწყო. პროგრამის მთავარი მიზანია საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი უწყებების გაძლიერებით ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის გაზრდა და გაუმჯობესება, რათა მოხდეს განვითარება და მხარდაჭერა იმ კომპანიებისა და დაჯგუფებებისა, რომლებიც უშუალო კავშირში არიან სტრატეგიული ინვესტირებასთან.